თეგებით ძიება

10 წელია „ქართულმა ოცნებამ“ ფსიქიკა შეურყია საქართველოს მოქალაქეებს – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებზე ისაუბრა.

„ჩვენ არანაირ პარალელური პროცესს არ ვქმნით, ეს არის სამუშაო პროცესი. ვიღაცამ კანონები ხომ უნდა დაწეროს? ყველა ადამიანს უყვარს ბევრი ლაპარაკი, ყველა აფასებს ვიღაცას, ყველა ამბობს, რომ თვითონ მაგარია, მაგრამ საქმის გასაკეთებლად რომ მიდგება საქმე, მერე აღმოჩნდება, რომ საქმე გაკეთებული არ არის.

საპარლამენტო ოპოზიციის 95%-ია ჩართული იმ სამუშაო პროცესში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვხვდებით სამოქალაქო სექტორს, აკადემიურ წრეებს, სადაც ვმსჯელობთ, როგორ უნდა შევასრულოთ ეს 12 პუნქტი. არავის ჯიბეში არ უდევს ფორმულები. საზოგადოება არ უნდა მოვატყუოთ, დღეს არ დევს ეს საკანონმდებლო პაკეტი და მართლა მინდა, რომ სანამ „ქართული ოცნების“ წევრები ისვენებენ და ირუჯებიან ზღვაზე, ტაშ-ფანდურს არიან მიცემული და აგვისტოში განცხრომით დასვენება უნდათ, რიგგარეშე სესიებისთვის არ სცალიათ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ, ყველა კანონპროექტი უნდა დაიწეროს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართ როგორ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, როცა 8 მარტის შეთანხმება იყო და ერთ-ერთი მთავარი აქტორი ვიყავით, 19 აპრილის შეთანხმება იყო და მთავარი მონაწილე ვიყავით. ფორმალური, არაფორმალური, გასვლითი, გამოსვლითი, ყავისსმითი, უყაოდ, წყლით, უწყლოდ, ყველანაირ შეხვედრაზე ვიარეთ „ქართულ ოცნებასთან“, ყველა მექანიზმი ამოვწურეთ და ვის თუ არ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ აბსოლუტური სიმართლე გულწრფელად, რომ ამოიწურა დრო იმის, როცა დახურულ კარს მიღმა „ქართულ ოცნებასთან“ საუბრით რაიმე იოტისოდენა მოლოდინი მაინც გვქონდა, რომ რამეს გააკეთებდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, სინამდვილეში საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს და მხოლოდ 5-10 კაცია, ვინც „ქვეყანა შეჭამა, გამოღრღნა“, ხოლო საზოგადოების დანარჩენ ნაწილს არაფერი აქვს სამტრო ერთმანეთთან.

„როდის დასრულდება იცით დაპირისპირება? როცა ის კაცი დაანებებს ჩვენით მანიპულაციას თავს. დღეს ჩვენ რა გვაქვს დასაპირისპირებელი? მართლა ფიქრობთ, რომ პოლარიზებულია ქვეყანაში რამე? პოლარიზატორი არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, სახელი და გვარი აქვს პოლარიზებას. ამ ადამიანს სპეციალურად ცრუ დილემები შემოაქვს, სპეციალურადაა აგრესიული რიტორიკა მათი მხრიდან, ქვეყნის შიგნით მტრების ძიება, 10 წელია ამ ადამიანმა ფსიქიკა დაურღვია, ამ პარტიამ ფსიქიკა შეურყია და დაურღვია საქართველოს მოქალაქეებს. ჭეშმარიტება დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. ვისი მტრობა კაცო? – სულ 5-10 კაცია, ვინც შეგვჭამა, გამოღრღნა ეს ქვეყანა თორემ დანარჩენ საზოგადოებას არაფერი არ გვაქვს სამტრო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა