თეგებით ძიება

"ივანიშვილმა წერილი გამოაცხო, ფარისევლური და ამაზრზენი" - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს ფარისევლურს და ამაზრზენს უწოდებს. ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს:

"ივანიშვილმა წერილი გამოაცხო, ფარისევლური და ამაზრზენი. „ჩემს და ბანკს შორის ურთიერთობას ქვეყანას თავს არ მოვახვევო“ - აბა, „ვერტალიოტზე“, ნახატების აქეთ-იქით ზიდვაზე და „სვის კრედიტთან“ დაძაბულობაზე თავად არ გვამცნეთ? მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ააწყეთ ამაზე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას და ომში ჩათრევას გაიძულებდნენ - პირდაპირ დასახელდა აშშ, როგორც მთავარი მტერი ან ის სამი საცოდავი ჩიტი რატომ გამოყავით ჩიტების დედა ბუდეს, დღე და ღამე, რომ ჩვენს პარტნიორებს ლანძღავენ?

ახლა, როცა ყველა ხიდი დაწვა „ოცნებამ“ დასავლეთთან, ჩვენი ყველა პარტნიორი კრიმინალად გამოაცხადა, თავიდან იწყებთ ვირეშმაკობას - დავალაგოთ ურთიერთობა დასავლეთთანო. ალბათ, მიხვდით, რომ თქვენი მტერი პუტინი წააგებს ომს და გამარჯვებულის მხარეს გინდათ შეეტენოთ! სანქციების შიში ოხერია, ფული კი არ მიგაკლდებათ, მაგრამ რეპუტაციულად განადგურდებით, აღარ გამოგივათ ქვეყნის ასე აბუჩად აგდება.დაგაგვიანდათ! დეოლიგარქიზაციაა დასავლეთთან ურთიერთობის წინაპირობა. დეოლიგარქიზაცია ანუ თქვენი ძალაუფლებიდან რეალური წასვლა. თქვენს ვირეშმაკობას, ორპირობას და ფარისევლობას აღარავინ იღებს. თქვენთან ერთად საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და რაც უფრო მალე ჩამოეცლებით ამ ქვეყანას, უკეთესია თქვენთვის და საქართველოს მომავლისთვის.

ელჩ დეგნანთან დაკავშირებით პირადად თქვენი საქციელი არის მდაბალი და ამაზრზენი. მთელი ეგ ისტორია თქვენს მეწვრილმანე, ინტრიგანის ბუნებას წარმოაჩენს.

და კიდევ ერთი - გაათავისუფლეთ სააკაშვილი და გვარამია. ეს თქვენი ვალია. დიახ, ვალი ამ ქვეყნის მიმართ, რომელსაც დაბრუნება უნდა“, - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა გაიმართა. ივანიშვილი საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

"გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა", - ამბობს ივანიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა