თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ჭორიკანობა გამოქვეყნდა - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება მზაკვრული გეგმის ნაწილია.

„ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ჭორიკანობა გამოქვეყნდა. ყველა დანარჩენი წერილიც მისი დაწერილი იყო, ახლა უკვე საკუთარი სახელით გამოაქვეყნა მან ეს წერილი. აქაც იგივე ხაზი გრძელდება, ახალი არაფერი გვინახავს. ეს არის ის, რომ ვიღაცას „ომი უნდა და ჩვენ მშვიდობას უზრუნველვყოფთ“, რომ ვიღაც ბიძინა ივანიშვილის თანხებს ბლოკავს. რაც ყველაზე მეტად აწუხებს, ისევ იმაზე გაუსვა ხაზი და ელჩთან შეხვედრაზე. ჩვენ ვთქვით კიდეც, წინა წერილები იყო სამზადისი, რომ ბიძინა გამოჩენილიყო, რაღაც დაედასტურებინა ან არ დაედასტურებინა. რა თქმა უნდა, ამას გაგრძელებაც ექნება, ოღონდ გეგმა არის საკმაოდ მზაკვრული. ეს გეგმა არის ისევ და ისევ ანტიდასავლური ხაზის გაძლიერება, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა- „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიზანი არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასმა, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია უახლოეს თვეებში, ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მძიმე ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ განცხადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა გაიმართა. ივანიშვილი საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

"გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა", - ამბობს ივანიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა