"მეცოდებიან ისინი, ვინც ჩემი წყალობით არიან თანამდებობებზე და არ მიდიან ჩემს ოჯახთან" - სოსო გოგაშვილი
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი საპატიმროდან მიმართვას ავრცელებს და მადლობას უხდის მათ, ვინც დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტრაგედიისას ოჯახს გვერდით უდგას.
"მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ოჯახის მწუხარება დედის გარდაცვალების გამო. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მხევალს ღვთისას ნინელის. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ეს განსაცდელი გაგვაძლიერებს. მადლობა უფალს, რომ ასუფთავებს ჩემი ნათესავებისა და მეგობრების წრეს, მედროვეების, ფარისევლებისა და მლიქვნელებისგან. ჩემთან რჩებიან ღირსეულები. თანავუგრძნობ მათ, ვინც შიშის გამო ვერ მიდის ჩემს ოჯახთან. მეცოდებიან ისინი, ვინც ჩემი წყალობით არიან თანამდებობებზე და არ მიდიან ჩემს ოჯახთან. უფალმა შეუნდოს ყველას", - წერს გოგაშვილი.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, თბილისში სპეცოპერაციით დააკავეს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავება. 18 ივლისს სასამართლომ გოგაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.