თუ ოპოზიციამ ერთი ადგილი არ ასწია და არ გაანძრია, ეს რეალობა არ შეიცვლება - ნანუკა ჟორჟოლიანი
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილებას არ ეთანხმება.
"ბიძინა ივანიშვილი ევროპას უფრო მკაფიოდ აჩვენებს იმას, რომ საერთო ჩვენ არაფერი გვაქვს ევროპასთან. მისი გადაწყვეტილება, რომ ეს ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი არ გახდეს, არის რადიკალური და საბოლოო. ეს არ ექვემდებარება გასაჩივრებას. განსაკუთრებით დაქსაქსული ოპოზიციის პირობებში, განსაკუთრებით დაქსაქსული ოპოზიციის პირობებში შეცვლასაც კი არ ექვემდებარება.
რაც არ უნდა ვისხდეთ და ვიოცნებოთ, რამდენი ეთერიც არ უნდა დავუთმოთ ამას, თუ ოპოზიციამ ერთი ადგილი არ ასწია და არ გაანძრია და თუ ოპოზიცია აზრზე არ მოვიდა, ეს რეალობა არ შეიცვლება. სალომე ზურაბიშვილის იმედად,რომ ვართ ახლა და სალომე ზურაბიშვილს რომ უნდა ვეხვეწოთ და ვემუდაროთ, მეტი არაფრის თავი არ გვაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში უბედურება ხდება.
სალომე ზურაბიშვილის მორალურ პედესტალს რომ ვაფასებთ, საერთოდ რომ გვჯერა, უბედურებაა. შესაბამისად, ძალიან მარტივია, რომ მივმართოთ სალომე ზურაბიშვილს. „ქალბატონო სალომე თქვენ გაქვს ერთადერთი ბერკეტი“... სალომე ზურაბიშვილის კი არა, ერთადერთი ბერკეტი ამ ქვეყანაში უნდა იყოს ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელსაც უფრო მეტი სურვილი ექნება, რომ მანდატებს შეელიონ, თბილ სავარძლებს შეელიონ.
ძალიან გაბრაზებული ვარ ახლა იმაზე, ამდენს რომ ბედავს ბიძინა ივანიშვილი. ზუსტად ვიცი იმიტომ ბედავს, რომ არანაირი პროტესტის ტალღა არ იქნება და არცერთი ოპოზიციონერი არ იტყვის, „გამოვიდეთ სიმბოლური აქცია მაინც ჩავატაროთ“. ამიტომ, გვჭირს ეს ყველანაირი უბედურება“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.