ვინც ასეთ ბოდვას იძახის, მას პირდაპირი პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის - გიგა ბოკერიამ თეა წულუკიანი გააკრიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ევროკავშირის მისამართთ გაკეთებული განცხადება გაკრიტიკა და აღნიშნა,რომ „ვინც ასეთ ბოდვას იძახის, მას პირდაპირი პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის“.
„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, ოღონდ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების პირისგან, ანუ მინისტრისგან, დასავლეთისა და ევროპის, ანუ იმ წიაღის პირდაპირი დემონიზების და ამავდროულად ხალხის უტიფრად მოტყუების.
თუ ასეთია ევროპა და ჩვენს მოკავშირეებს ბოროტი განზრახვა აქვთ, ომი უნდათ და ასე შემდეგ, მაშინ მეორე ხელით რატომ ატყუებენ ხალხს, თითქოს სურთ, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვიყოთ, ზოგადად დასავლეთის, უბრალოდ ევროკავშირის - არა.
არ უნდა მოტყუვდეს არცერთი პატრიოტი მოქალაქე - ვინც ასეთ ბოდვას იძახის, მას პირდაპირი პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის, მისი ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მიღებული დოკუმენტი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად "ნაყოფიერი ნიადაგია".