თეგებით ძიება
15. 11. 2022 ბიზნესი

ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც რუსებისგან "თელასს" ყიდულობს?

CBS-ს ჯგუფის დამფუძნებელი, ხვიჩა მაქაცარია “თელასის” საკონტროლო პაკეტის შესყიდვისთვის Inter Rao-სთან მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა Forbes-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ SBC ჯგუფის საკუთრებაში უკვე არის “თელასის” და “თელმიკოს” 24.5%-იანი წილი, რომელიც ჯგუფმა 2020 წელს 32 მილიონ ლარად “საპარტნიორო ფონდის” მიერ გამართულ აუქციონზე შეიძინა.


„თელასის“ 25% წილის შეძენით, ჩვენი ჯგუფი სრულად შევიდა კომპანიაში და მის ყოველდღიურობაში ვმონაწილეობთ, ამ მხრივ ყოველმხრივი კომფორტია პარტნიორებს შორის, მაგრამ არ მინდა დავმალო ორი თემა, რაც კავშირშია „თელასის“ წილის ყიდვასთან. ვფიქრობ, პირველი მაინც ის არის, რომ ვეცდები აუცილებლად დავასრულო "თელასის" თემა…

– დაასრულებთ, ანუ? „თელასსაც” ყიდულობთ რუსებისგან?!

– კი ბატონო, ვადასტურებ განზრახვას და ვფიქრობ, დროის ამბავია „თელასი“, „თბილისი ენერჯის“ და „ბილაინის“ მსგავსად შეიძლება, რომ ქართული კომპანია გახდეს.

– ვადებზე ან თანხებზე შეგვიძლია საუბარი დღეს?

– ეს პროცესია. და დღეს შემიძლია მხოლოდ დავადასტურო განზრახვა და ის, რომ პროცესი აუცილებლად იმ შედეგით დასრულდება, რაც გითხარით.

ენერგეტიკა CBS-ში (მაქაცარიას აქტივების მმართველი კომპანია) შემავალი კომპანიების სოლიდურ ნაწილს წარმოადგენს. გენერაციის პროექტებიდან მალე 60 მგვტ ჰიდროელექტროსადგურები ჩაეშვება, პროცესშია მზისა და ქარის პროექტები, რომლებზეც ინვესტორს საუბარი ჯერ არ სურს. „მალე იქნება მეტი კონკრეტიკა ამ თემაზე. Пока не стоит, – კვლავ შეურია რუსული საუბრისას. – ერთს ვიტყვი დაზუსტებით, რომ შემდეგი წლები ჩვენი კომპანიების წარმოჩენისა და მდგრადობის გაძლიერების წლები იქნება, სადაც პრიორიტეტული ენერგეტიკა და საკომუნიკაციო მიმართულებები გახდება. 8000 ადამიანი, რომლებიც ჩვენს კომპანიებშია დასაქმებული, პანდემიის დროსაც დარწმუნდა CBS ჯგუფის მენეჯმენტის პასუხისმგებლიანობაში, როცა არცერთი თანამშრომლის არც შემცირება და არც სახელფასო ანაზღაურების დაგვიანება არ მომხდარა. სხვათა შორის, ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში შემავალი ბიზნესების დიდი ნაწილი პანდემიის დროს გაჩერდა კარანტინისა თუ სხვა მიზეზების გამო. ამ ძალიან კრიტიკულ მომენტში CBS-ის მენეჯმენტთან ერთად თითქმის წარმოუდგენელი შევძელით, ავიღეთ პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩვენთვის მუშაობდა და სრული ლოკდაუნი სტაბილურად, უზრუნველყოფილად გადავატარეთ – ამით ძალიან ვამაყობ, ადამიანებისთვის სტაბილური, ფინანსური უსაფრთხოება აუცილებელია,” - ამბობს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, თელასის აქტივები 2021 წლის მდგომარეობით, 390 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიამ 2021 წელს 182 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება “თელმიკოს” მისი აქტივები 168 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 326 მილიონი ლარი იყო.

კომპანიების საკონტროლო პაკეტს ამჟამად რუსეთის სახელმწიფო კომპანია "ინტერ რაო" ფლობს.

წყარო: bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა