ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ საბჭოთა კავშირის დროს კარგი განათლების სისტემა იყო - ზურაბ ვახანია
„1970-იანი წლებიდან სასკოლო განათლებაში რაღაც სულელური სიახლეები შეიტანეს, რასაც განათლების ხარისხის კლება მოჰყვა. ეს პროცესი უკვე დამოუკიდებელ საქართველოშიც გაგრძელდა და დღესაც გრძელდება“, - ამის შესახებ TIA.GE-სთან ფსიქოლოგიის პროფესორმა, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორმა, განათლების ესპერტმა, ზურაბ ვახანიამ ისაუბრა.
„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პრობლემები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა. თავად ვმონაწილეობდი კვლევებში, რომლებიც რუთაველის საზოგადოებამ აკაკი ბაქრაძის ხელმძღვანელობით ჩაატარა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა და მე ამ პროექტს სრულიად უანგაროდ ვხელმძღვანელობდი. ტესტების შედეგებიდან გამოჩნდა, რომ განათლების ხარისხის მხრივ უკვე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ამიტომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, რომ საბჭოთა კავშირის დროს კარგი განათლების სისტემა იყო. ცუდი, მაგრამ რაღაც სისტემა იყო, ახლა ისიც არაა.
1970-იანი წლებიდან სასკოლო განათლებაში რაღაც სულელური სიახლეები შეიტანეს, რასაც განათლების ხარისხის კლება მოჰყვა. ეს პროცესი უკვე დამოუკიდებელ საქართველოშიც გაგრძელდა და დღესაც გრძელდება. შესაბამისად, სწავლის შედეგებით ყოველი მომდევნო წელიწადი წინაზე უარესია“, - განაცხადა ზურაბ ვახანიამ.