თეგებით ძიება

ეროვნული გამოცდების ჩატარების ერთადერთი მიზანია, რომ ოჯახებს რაც შეიძლება მეტი ფული გადაახდევინონ - განათლების ექსპერტი

„ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი ანუ მინიმალური გამსვლელი ქულა აღარ არსებობს, რის გამოც ეს გამოცდები ნახევრად ყალბია. მისი ჩატარების ერთადერთი მიზანია, რომ ფულის პოტენციური გადამხდელი უმაღლესის გარეთ არ დარჩეს და ოჯახებს რაც შეიძლება მეტი ფული გადაახდევინონ“, - ამის შესახებ TIA.GE-სთან ფსიქოლოგიის პროფესორმა, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორმა, განათლების ესპერტმა, ზურაბ ვახანიამ ისაუბრა.

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება დიპლომების სავაჭრო დახლია და მისი გაცემული დიპლომები ყალბია. ოჯახი უკანასკნელ კაპიკებს იმაში იხდის, რომ მისი შვილი უცოდინარი დარჩეს და აიღოს ფარატინა დიპლომი, რომელიც არაფერში გამოადგება. ის ახალგაზრდა უკვე გზას აცდენილია - არც საქმე იცის, არც ხელობა და არაფერი. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ საქართველოში უმუშევრობა კი არა, ყველა სფეროში სპეციალისტების მწვავე ნაკლებობაა, ოღონდ ნამდვილი სპეციალისტების. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეღვინეობის უძველეს ქვეყანაში ამ დარგის სპეციალისტი თითქმის არ გვყავს. ადამიანი გერმანიის მაგისტრატურაში თუ არ წავა, აქ ვეღარ სწავლობს. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი მეღვინეობა გერმანიის და საფრანგეთის გადასარჩენია, რომ ერთი-ორი სპეციალისტი მაინც გვყავდეს.

განათლების სისტემაში ისედაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, მაგრამ სასკოლო გამოცდების გააუქმების შემდეგ გაცილებით უარესი მდგომარეობა შეიქმნა. ბავშვები გაკვეთილებზე საერთოდ არ დადიან და ვინც დადის, მხოლოდ იმიტომ, რომ სასწავლო პროცესი აბუჩად აიგდოს.“, - ამბობს ვახანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა