„რეკლამა შემხვდა, მაღაზიაში მარიხუანას თესლი იყიდება და მობრძანდით, იყიდეთო - გვეპატიჟებიან და შსს-ს სტატისტიკა გიკვირთ?“ - ზაზა ჩიქოვანი
„მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. ნარკოტიკი ნარკოტიკია. მარიხუანით ისეთი ფსიქოზები ემართებათ, რომ ფსიქიატრიულში მოთავსება ხდება საჭირო, სადაც ადგილები აღარაა და სასწრაფოს პაციენტი ერთი კლინიკიდან მეორეში დაჰყავს. ფსიქოზების გარდა, მარიხუანა განვითარებაში ჩამირჩენასაც იწვევს. ადრე თუ გვიან მშობლები ამჩნევენ, რომ მათი გონებაგახსნილი შვილი ვეღარ სწავლობს და ახლის ათვისება უჭირს, შვილი სპეციალისტთან მიჰყავთ და იგებენ, რომ ახალგაზრდა ნარკომომხმარებელია“, - ამის შესახებ TIA.GE-სთან ინტერვიუში ნარკოლოგმა, ზაზა ჩიქოვანმა განაცხადა.
„აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი, ველური მარიხუანის გარდა, ადამიანის გამოყვანილი ჰიბრიდული ჯიშებიც არსებობს, რომლებშიიც ნარკოტიკის შემცველობაა ასჯერ და ათასჯერ მაღალია. ასეთ მარიხუანას ბოთლით ეწევიან, რაც მაღალ კონცენტრაციას ახდენს და უფრო მძიმე შედეგები აქვს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ტექნოლოგიები და ნაწილობრივ გასაღებაც ლეგალური გახდა. გუშინწინ რეკლამა შემხვდა, ამა და ამ ადგილზე, მაღაზიაში მარიხუანის თესლი იყიდება და მობრძანდით, იყიდეთო - გვეპატიჟებიან“, - ამბობს ჩიქოვანი.
ზაზა ჩიქოვანმა მარკოტიკების მოხმარების ზრდის მიზეზებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პრობლემა კომპლექსურია, ხოლო მიზეზი არაერთი.
„ეს კომპლექსური პრობლემაა და ბევრ მიზეზს მოიცავს: შვილები მშობლებს ვერ ხედავენ, ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, არ მუშაობენ, არ სწავლობენ და თავიანთი წრე აქვთ, სადაც შეიძლება ნარკოტიკების მომხმარებელიც გამოერიოს. სტატისტიკურად, ერთი ნარკომომხმარებელი ათ ახალს ითრევს. ახლებს თავიდან ხან ჩუქნიან, ხან სამადლოდ აწვდიან, მაგრამ მერე უკვე თხოვენ - ამდენ ხანს გაძლევდი და ახლა შენ უნდა იშოვო და მომიტანოო. მოხმარების ზრდის მიზეზია დეკრიმინალიზაციაც და ისიც, რომ ვიღაცამ ნაროტიკები მსუბუქად და მძიმედ დაჰყო.
სამწუხაროდ, ბევრ მშობელს შვილისთვის არ სცალია. ზოგი ორ და სამ სამსახურში დარბის, ვინც არ დარბის და ფული მზამზარეულად მოსდის, იმათ მით უმეტეს, ეს ფული როგორმე უნდა დახარჯონ თავისნაირებთან. ბევრი მშობელი ქვეყანაშიც არაა... მშობლებს ვურჩევდი, რომ ყველა საქმე გვერდით გადადონ და შვილებთან კონტაქტი იქონიონ. თუ შვილის ქცევაში სხვა ნოტებს შენიშნავენ, მაგალითად, მოზარდი ჩაიკეტა, ზედმეტად მოწყენილი ან ზედმეტად მხიარულია, სხვა წრე გაიჩინა და ა.შ. ეს შეიძლება განგაშის მიზეზი იყოს“, - განაცხადა ზაზა ჩიქოვანმა.