თეგებით ძიება

მოზარდი და ინტერნეტდამოკიდებულება - რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?

ინტერნეტმა და თანამედროვე ტექნოლოგიებმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და კომუნიკაცია გაამარტივა, თუმცა რიგ შემთხვევებში რეალობიდან გაქცევის ერთგვარ მანკიერ საშუალებად იქცა. ინტერნეტდამოკიდებულებასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე TIA.GE-ს ფსიქოლოგი თეონა ლომთაძე ესაუბრა:

- ინტერნეტის დადებით მხარეებს ყველა ვიყენებთ და ვერც კი წარმოგვიდგენია როგორ ვიყავით ინტერნეტის და სხვადასხვა სოციალური ქსელების გარეშე, მაგრამ დოზირების თემა მარტივი საკითხი არაა. დავიწყოთ იმით, რომ ინტერნეტდამოკიდებულება ფსიქიკური აშლილობაა, რომელსაც ახასიათებს მიჯაჭვულობა სოციალურ ქსელებთან და ინტერნეტ სივრცესთან. ეს თავისთავად მეტყველებს, რომ მისი გადამეტებული მოხმარება არა მარტო ბავშვისა და მოზარდისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანითვის საზიანოა. თავად სიტყვა „დამოკიდებულება“ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინია. ამ შემთხვევაში იგულისხმება ინტერნეტისადმი უკონტროლო მიდრეკილება და მისი ნებისმიერი სერვისის სხვადასხვა მიზნით უკონტროლო გამოყენება.

- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ინტერნეტთან და ელექტრონულ მოწყობილობებთან ხშირი კავშირი მოზარდს სწავლაში და ახალი ინფორმაციის ათვისებაში ხელს უშლის?

-  ცნობილია, რომ სისწრაფე, ოპერატიულობა და ხელმისაწვდომობა ინტერნეტის უპირატესობაა, მაგრამ წიგნთან ურთიერთობა სულ სხვა დატვირთვის მატარებელია და ყოველთვის უალტერნატივო იქნება. შეიძლება ამ მოსაზრებაში ბევრი შემედავოს და მედავება კიდეც, მაგრამ   ჩემს პროფესიაში ხშირად ვამბობთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციას ვიღებთ, ხოლო ცოდნა უფრო ტრადიციული მეთოდით, ანუ წიგნთან ურთიერთობით მიიღება. 

- რა გამოვლინებები ახასიათებს და რა საფრთხეებს შეიცავს მოზარდობის ასაკში ინტერნეტდამოკიდებულება?

- მოგეხსენებათ, რამდენად ფაქიზია მოზარდობის ასაკში ადამიანის ფსიქიკა. ამ დროს მანიპულირება, შთაგონება, მოტყუება, ზეგავლენის ქვეშ მოქცევა და მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება გაცილებით ადვილია. მიჯაჭვულობის რისკი ის არის, რომ შეიძლება დამოკიდებულებაში გადაიზარდოს, ხოლო დამოკიდებულლების სირთულე ისაა, რომ შეიძლება უფრო გაღრმავდეს და ადამიანს თვითკონტროლი დააკარგინოს, თუმცა ელექტრონულ მოწყობილობებთან ხშირი კომუნიკაცია ყოველთვის მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება არაა. პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა - მომიყვანეს მოზარდი, რომლის მშობლები შიშობდნენ, რომ მას თამაშდამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა  პროგრამირებით იყო გატაცებული და ძალიან მიზანმიმართულად იყენებდა ამ საშუალებას, თუმცა ეს ერთეული შემთხვევებია. მიჯაჭვულობისა და დამოკიდებულების შემთხვევები განსაკუთრებით პანდემიის დროს და მის შემდეგ გახშირდა. პანდემიამ ძალიან შეცვალა ის კომუნიკაციური უნარ-ჩვევები, რომლებითაც  ვგავართ ან განვსხვავდებით ადამიანები. ერთის მხრივ, ინტერნეტთან კონტაქტი კომუნიკაციურ უნარებს აღარიბებს და მეორე მხრივ, პანდემიით გამოწვეულმა ჩაკეტილობამ ტელეფონისა და კომპიუტერის დოზის გაზრდას ყოველდღიურობაში ბიძგი მისცა. 

როცა საქმე დამოკიდებულებას ეხება, შეიძლება ნევროლოგის, ფსიქოლოგის და  ფსიქიატრის ჩარევაც კი გახდეს საჭირო. დამოკიდებულების ხარისხს და ეტაპს გააჩნია. ზოგჯერ ერთი სეციალისტია საკმარისი, ზოგჯერ მულტდისციპლინური გუნდი შეიძლება დაგვჭირდეს.

- ამ მხრივ ევროპული ქვეყნების გამოცდილება როგორია?

- ევროპულ ქვეყნებში ეს პრობლემა ძალიან კარგადაა გააზრებული და სკოლისა და საბავშვო ბაღის პეროდში მთელი რიგი რეკომენდაციებია. კერძოდ: რა ხანგრძლივობით შეიძლება ან არ შეიძლება ბავშვის კომპიუტერთან ან ტელევიზორის ეკრანთან ყოფნა. დიდი ყურადღება ექცევა ბავშვის ბუნებაში ყოფნას და ერთმანეთთან ურთიერთობის მხარდაჭერას. შვედეთში ბაღების უმრავლესობას ბავშვები სიცივეშიც და სიცხეშიც გარეთ ჰყავთ. გერმანიაში სულ წუთები აქვთ გამოთვლილი რა ასაკში და რამდენი ხანი შეიძლება გაატაროს ბავშვმა ტელევიზორის თუ კომპიუტერის ეკრანთან. ბაღიდანვე იწყებენ გარკვეულ პრევენციას და პროფილაქტიკას. ჩვენთანაც არსებობს გარკვეული ტენდენცია, მაგრამ ჩვენ უფრო ტედენცია გვაქვს, ვიდრე გამჯდარი ჩვევა. ასე, რომ ეს ერთ-ერთი რთულად სამუშაო სფეროა, თუმცა სურვილის და მონდომების შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა