„არ ვგეგმავ გადადგომას“ – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რობერტ სინგლეტერი
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის რობერტ სინგლეტერის განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, ესაუბრა ეროვნული ბანკის საბჭოდან წასულ სამივე ვიცე-პრეზიდენტს. როგორც რობერტ სინგლეტერი აღნიშნავს, მათი წასვლა ამ ახალ პოლიტიკასთან მიმართებით განსხვავებული მოსაზრებებით იყო განპირობებული.
„მე არ ვგეგმავ გადადგომას. შემიძლია ვთქვა, რომ ვარ საკმაოდ მგრძნობიარე due process-თან დაკავშირებით, იქამდე სანამ მოხდება ადამიანების საკუთრების გაყინვა. ამავდროულად, თუკი არ მოხდება სანქციების აღსრულება, კომერციული ბანკები იქნებიან მოწყვლადი საერთაშორისო საკორესპონდენციო ბანკებთან თანამშრომლობის რისკის ქვეშ დაყენების მიმართ.
არის ერთმანეთთან შეპირისპირებული არგუმენტები და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ვრჩები საბჭოს შემადგენლობაში, არის ის, რომ შევეცდები გავუძღვე და დავეხმარო საბჭოს ამ ვითარებაში , იქნეს მოძებნილი ოპტიმალური გამოსავალი.
მე ყველა ვიცე-პრეზიდენტს ვესაუბრე და ჩვენ განვიხილეთ ის მიზეზები, რის გამოც მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ პოსტების დატოვება არავინ სთხოვა, ისინი ჩვენთან იქნებიან მომდევნო ორი თვის განმავლობაშიც. იმედი მაქვს შემდგომი ორი თვის განმავლობაში ყველანი ვიმუშავებთ ამის გადაჭრისთვის. ეს გადადგომები არის სწორედ ამ პოლიტიკის შესახებ განსხვავებული მოსაზრებების გამო“, – განაცხადა რობერტ სინგლეტერმა BMG-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ბანკი ყოფილ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა, ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციების აღსრულების წესის საგამონაკლისო ბრძანება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკის საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილებები მიიღეს ვიცე-პრეზიდენტებმა პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ასევე, თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.