თეგებით ძიება

რუსეთის საზღვაო ბაზა შავ ზღვაში საქართველოს შეშფოთებას იწვევს - BBC

ნოემბრის დასაწყისში 50-მა ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა ერთიანი პოზიციის დაფიქსირება რუსეთის გეგმის წინააღმდეგ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ. რუსეთის გეგმებისა და საქართველოს მოლოდინების შესახებ BBC წერს.

სტატიაში წერია, რომ ქვეყანა შიშობს, რომ ამ გზით შესაძლოა, ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომში იქნას ჩათრეული და ხელი შეუშალოს შავი ზღვის სანაპიროზე ახალი პორტის მშენებლობას.

„ჩვენ ერთხმად განვიხილავთ რუსულ ოკუპაციას, მილიტარიზაციას და სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ, რომლის ახალი გამოხატულება არის რუსული მუდმივი საზღვაო-სამხედო ბაზის შექმნა ოჩამჩირეს პორტში“, - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

ოქტომბრის დასაწყისში, აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ მიაღწია კრემლთან შეთანხმებას, ოჩამჩირეში საზღვაო-სამხედო ბაზის შექმნის შესახებ.

ომში ჩათრევის შიში

BBC Newsnight-მა და BBC Verify-მ გააანალიზეს სატელიტური გამოსახულებები, რომლებშიც ნაჩვენებია, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგმ ოჩამჩირეს პორტში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. აფხაზეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ ამ გზით ოჩამჩირე 13 ათას ტონამდე ტევადობის გემების მიღებას შეძლებს, თუმცა, უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, ამ სამუშაოების მიზანია ოჩამჩირეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების უსაფრთხო ნავსადგური გახდეს.

„თუ პუტინს სურს როგორმე საქართველო ჩაითრიოს ამ ომში, ის ამას გააკეთებს, თუ ეს მის ინტერესებშია. და სამწუხაროდ, მას აქვს ყველა შესაძლებლობა, მოახდინოს ზეწოლა საქართველოზე“, - ამბობს ბრიტანეთის თავდაცვის კვლევების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენელი.

რა ხდება ანაკლიის პორტში

ღრმაწყლოვანი პორტი „ანაკლია“ აფხაზეთთან ძალიან ახლოს, ამავე სახელწოდების ქართულ სოფელში უნდა აშენდეს.

პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის გასწვრივ ვაჭრობის გასაძლიერებლად, აზიასა და ევროპას შორის ყველაზე სწრაფი გადაზიდვის მარშრუტით.

ეს დერეფანი გვერდს უვლის რუსეთს და მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2030 წლისთვის ის მგზავრობის დროს გაანახევრებს, ვაჭრობის მოცულობას კი სამჯერ გაზრდის.

კრემლი დიდი ხანია ეწინააღმდეგება მის მშენებლობას და მას აშშ-ს პროექტს უწოდებს.

BBC წერს, რომ მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის პროევროპულობისა, მისი ხელისუფლება მოსკოვთან ურთიერთობაში მანევრირებას ცდილობს.

2020 წელს საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ არსებული კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა კონსორციუმთან და მან დასავლური ბანკებისა და ინვესტორების მხარდაჭერა უზრუნველყო.

მამუკა ხაზარაძე, რომელიც ხელმძღვანელობდა ანაკლიის განვითარების ორიგინალურ კონსორციუმს, ამბობს, რომ მთავრობამ პორტის განვითარება მოსკოვის დასამშვიდებლად შეაჩერა. საქართველოს მთავრობა კი ირწმუნება, რომ პროექტი განახლდება, ახალ ტენდერში გამარჯვებულები კი უახლოეს მომავალში გამოვლინდებიან.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთთან სიფრთხილეა საჭირო, რადგან ქვეყანა არც ნატოს ქოლგის ქვეშაა და არც ევროკავშირის ეკონომიკური მხარდაჭერა აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის სტატისის მოლოდინშია, რომლის საბოლოო პასუხი 15 დეკემბერს იქნება.

წყარო : bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა