"არ მეგულება პლასტიკური ქირურგი, რომელიც ცხვირის ფილერს გირჩევთ... ფილერი ქსოვილების გადაგვარებას იწვევს" - რა უნდა ვიცოდეთ ინექციებსა და პლასტიკურ ქირურგიაზე?
„არ მეგულება პლასტიკური ქირურგი, რომელიც ცხვირის მიდამოში ფილერის გაკეთებას ემხრობა. ფილერის ინიექცია ხშირად ქსოვილების გადაგვარებას, გაუხეშებას იწვევს და მერე ამასთან გამკლავება ქირურგს უწევს“, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პლასტიკურმა ქირურგმა, თამარ ზამთარაძემ ისაუბრა.
- ჩვენს ქვეყანაში პლასტიკურ ოპერაციებში ცხვირის ოპერაცია - რინოპლასტიკა ლიდერობს. კავკასიის რეგიონია და, მოგეხსენებათ, აქ ყოველთვის ასე იყო. ბოლო დროს ქალებში უფრო აქტუალური გახდა მუცლის პლასტიკა - ე.წ. დაკიდებული კანის ცხიმოვანი შრის კორექცია, რაც ნამშობიარები ქალების უმრავლესობას აწუხებს, ასევე მათ, ვინც წონაში მკვეთრად დაიკლო ბარიატრიული ოპერაციის შედეგად ან სხვა აქტივობით.
- სახის ნაკვთებისა და სხეულის ნაწილების კორექცია ძვირი ფუფუნებაა. დაახლოებით რა თანხაა საჭირო, მაგალითად, ცხვირის საოპერაციოდ?
- თუ ცხვირის ოპერაცია მხოლოდ ესთეტიკისთვის კეთდება და ძგიდესთან დაკავშირებული სხვა პრობლემები არ არის, მაგალითად, სუნთქვის მკვეთრი შეზღუდვა, უხეში გამრუდება და ა.შ. 4 ათასი ლარიდან იწყება. თუ ძალიან პრობლემურია და პაციენტი მეორედ ან მესამედ იკეთებს (ასეც ხდება ხოლმე), საფასური იზრდება და ინდივიდუალურად დაადგენენ კონსულტაციის დროს.
- მეორადი ოპერაცია რთულია?
- ამ შემთხვევაში სირთულე ქირურგისთვის იზრდება, მნიშვნელობა არა აქვს, რა სახის ოპერაცია ჩატარდა მანამდე, როცა ცხვირზე ერთხელ მაინც მოხდება ჩარევა, ხრტილის ნაწილი რეზერცირებული ანუ ამოკვეთილია და ხშირად მეორე ოპერაციის დროს სამუშაო მასალა აღარ გვხვდება - ის, რაზეც უნდა ააწყო ცხვირის მყარი კონსტრუქცია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ხრტილი სადონორო ადგილიდან აიღო - ნეკნის მიდამოდან, რადგან უფრო მყარია, ან ყურიდან, თუ დეფიციტი მცირეა. ამ დროს ოპერაცია ხანგრძლივდება, ქირურგისთვის უფრო შრომატევადია და ფასიც იზრდება. ამ ოპერაციის საფასური 5-6 ათასი ლარიდან იწყება.
- ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ცხვირის ფორმის შეცვლა ფილერით. თქვენ როგორც ქირურგი, რას ურჩევთ იმ პაციენტებს, რომელთაც მისი გაკეთება აქვთ გადაწყვეტილი?
- არ მეგულება პლასტიკური ქირურგი, რომელიც ცხვირის მიდამოში ფილერის გაკეთებას ემხრობა. ფილერის ინიექცია ხშირად ქსოვილების გადაგვარებას, გაუხეშებას იწვევს და მერე ამასთან გამკლავება ქირურგს უწევს. ხარისხიანი ფილერი დროთა განმავლობაში გაიწოვება, მაგრამ ბევრია ისეთი, რომელიც სხვა მინარევებსაც შეიცავს და ბოლომდე გაიწოვება თუ არა, ვეღარ გაიგებ. ყოფილა შემთხვევა, ფილერი დაშლილი უნდა იყოს, მაგრამ გავხსნით და ჟელატინისებრი მასა გვხვდება. ქირურგებს არ უყვართ ფილერი, რადგან ქსოვილების შეშუპებას და გადაგვარებას იწვევს და მისი ოპერაცია პრობლემურია.
- ანუ თუკი ადამიანს ცხვირთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, მაინც ჯობია რინოპლასტიკა გაიკეთოს...
- ოპერაციის გაკეთებას ვერავის ურჩევ, მაგრამ თუ ადამიანს თავისი ცხვირი აკომპლექსებს და გარეგნობის გაუმჯობესება სურს, რა თქმა უნდა, ჯობია ქირურგს მიმართოს.
- ზოგს ნარკოზის შიში აქვს, თუმცა ბოლო წლებში საანესთეზიო საშუალებებიც გაუმჯობესდა. ადრე იყო შემთხვევები, როცა ცხვირის პლასტიკას ადგილობრივი ანესთეზიითაც აკეთებდნენ, ნარკოზის გარეშე. როგორია თანამედროვე პრეპარატები?
- ცხადია, ახლა ბევრად დაიხვეწა მედიკამენტები. მედიცინა, ტექნოლოგიები წინ მიდის. თუ ნარკოზი რომელიმე პაციენტისთვის რისკია, წინასწარ უამრავი გამოკვლევით ვაფასებთ და მერე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ცხადია, ჩვენი მიზანია ოპერაციას ნაკლები გართულება ჰქონდეს. 100%-ით უსაფრთხო არც ერთი სამედიცინო პროცედურა არ არის, მათ შორის, კბილის ექსტრაქციაც. ახლა ადგილობრივ ანესთეზიას ნაკლებად მიმართავენ, რადგან ეს მაინც სტრესულია ადამიანისთვის და ქირურგიც ვერ იმუშავებს ისე თავისუფლად, რადგან პაციენტი იძაბება, მოძრაობს, ნერვიულობს და ხელს გიშლის. ამიტომ არ არის რეკომენდებული. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვურჩევთ, თუ ცხვირის წვერის აწევა და მსგავსი ცვლილება სურთ და არა, მაგალითად, კეხის გასწორება.
- ტუჩის პლასტიკას თუ იკეთებენ? ფილერს არ ვგულისხმობ.
- ცხადია, ფილერი უფრო ხშირია, მაგრამ ქირურგიულად "ბულ ჰორნის" ტიპის ოპერაციასაც მიმართავენ, ე.წ. ხარის რქის ფორმა აქვს იმ ამოჭრილ კანს. თუკი ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის მანძილი დიდია, ამ შემთხვევაში ტარდება ასეთი განაკვეთი, კანი მოიკვეთება და ზედა ტუჩი ოდნავ ზემოთ აიწევა, ამ დროს არ ხდება უცხო სხეულის, სხვადასხვა ნივთიერების შეყვანა, თავად ტუჩი ამობრუნდება. ეს მუდმივია, მერე რაიმეს დამატებას და კორექციას არ საჭიროებს. უბრალოდ, დროთა განმავლობაში თვითონ ეს განაკვეთი შეიძლება დაეტყოს ხაზად და პაციენტებს წინასწარ ფოტოებსაც ვაჩვენებთ, რათა ინფორმირებული იყვნენ. ეს პროცედურა დაახლოებით 2.000 ლარი ჯდება.
წყარო: „კვირის პალიტრა“