თეგებით ძიება
14. 02. 2024 მსოფლიო

ყაზახეთმა საქართველოს გავლით ურანის ექსპორტი გაზარდა

2023 წელს ყაზახეთიდან დასავლეთის ქვეყნებში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) ურანის მიწოდება 64%-ით შესრულდა. ამის შესახებ კომპანია „ყაზატომპრომის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მეირჯან იუსუპოვმა პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრის დროს განაცხადა, რასაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ყაზატომპრომის“ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ყაზახეთში 21 ათას ტონაზე მეტი ურანი იქნა წარმოებული, საიდანაც 18 ათას ტონაზე მეტი ექსპორტზე გავიდა.

ამ მონაცემებით, 2023 წელს ყაზახეთმა კასპიის ზღვის გავლით ურანის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო ურანის 64% საზღვარგარეთ, განსაკუთრებით, დასავლეთის ქვეყნებში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით გავიდა.

„ყაზატომპრომი“ საქართველოზე გამავალ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR) მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტად ჯერ კიდევ „2018 წლიდან წარმატებით იყენებს, რომელიც რუსეთზე გამავალი ძირითადი მარშრუტის რაიმე მიზეზით ხელმიუწვდომლობის რისკებს ამცირებს.“

ამასთან, „ყაზატომპრომი“ ერთობლივ საწარმოებში თავის პარტნიორებს ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ მზა პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის ნებართვის აღებაში ეხმარება. ეს მაშინ ხდება საჭირო, როცა პარტნიორები პროდუქციის წილს სანქტ-პეტერბურგის პორტზე გამავალი რეგულარული მარშრუტით კი არა, ტრანსკასპიური საერთაშორისო მაგისტრალით იღებენ.

ცნობისთვის: 2022 წლის ოქტომბერში საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ყაზახური ურანის საქართველოს გავლით ტრანსპორტირება დაადასტურა. უწყება მაშინ აცხადებდა, რომ 2022 წლის 6 სექტემბერს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ,,გარდაბანი“, კერძოდ, სარკინიგზო სადგურზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან ბუნებრივი ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები (საერთო წონით 787 ტონა) შევიდა, რომელიც ტრანზიტულად ყაზახეთის რესპუბლიკიდან კანადის მიმართულებით გადაადგილდებოდა. საბაჟომ მაშინ კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავა.

ყაზახეთი ურანის ნედლეულის მოპოვებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 2022 წელს მსოფლიო ურანის მიწოდებაში ქვეყნის წილი 43%-ს შეადგენდა.

„ყაზატომპრომი“ მოელის, რომ წელს, დაახლოებით, 25,000-25,500 ტონა ურანს აწარმოებს, ხოლო 2025 წლისთვის 30,500-31,500 ტონამდე ზრდას პროგნოზირებს.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა