სიყვარული აღგვამაღლებს?!
„სიყვარული აღგვამაღლებს?!“ - ყველასთვის კარგად ცნობილია ვეფხისტყაოსანიდან ეს ფრაზა. სიყვარული პოპულარული გაგებით სიკეთესთან, ბედნიერებასა და ლამაზ დასასრულთან ასოცირდება. ზემოაღნიშნული ეს ფრაზაც ბევრისთვის ამ პათოსის მატარებელია. სიყვარული ხშირად მხოლოდ კლასიკურ, რომანტიკულ ურთიერთობასთან იგივდება, რომელიც როგორც წესი ორმხრივია. სიყვარულით ამაღლება კი ბევრისთვის მუცელში პეპლების ფრენას და ბედნიერების მწვერვალების დაპყრობას ნიშნავს, თუმცა პატივცემულო მკითხველო ნუ იქნები ეგოისტი, ქვეყნად სხვაგვარი სიყვარულიც არსებობს. ეს მათი სიყვარულია ვისაც არ გაუმართლა და მიესაჯათ უყვარდეთ ის ვინც მათი არასდროს იქნება. თუმცა ნუ ვიჩქარებთ ეჟუანის კრიტიკას მისი სიტყვებისთვის. ვიყოთ თანმიმდევრულნი.
როგორია სიყვარულის ფენომენი?
სიყვარული რთული და კომპლექსური ფენომენია. ამ გრძნობით ბევრი სამეცნიერო დისციპლინაა დაინტერესებული, ფსიქოლოგიიდან დაწყებული ანთროპოლოგიით დასრულებული. შეიძლება ითქვას სიყვარული ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც გამოხატავს ძლიერ ემოციურ დამოკიდებულებას სხვა ინდივიდის მიმართ. ეს დამოკიდებულება შეიძლება იყოს განსხვავებული. მისი მამოძრავებელი მოტივი შეიძლება იყოს ემოციური მიჯაჭვულობა, სიყვარულის ობიექტის ნდომა, აკვიატება, ვნება/სექსუალური მიმზიდველობა და სხვა. სიყვარული ადამიანის ორგანიზმში მთელ რიგ ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს იწვევს. სიყვარულის პროცესში ჩართული ჩვენი ტვინი, ცენტრალური ნერვული სისტემა და ჰორმონები. ეს ეხება ე.წ. „ქალვაჟურ“ სიყვარულს, თუმცა სიყვარულის არაერთი ფორმა არსებობს (დედობრივი, მეგობრული...) ყველა შემთხვევაში სიყვარული არის ბიოქიმიური და სოციო-ფსიქოლოგიური მოვლენა. ადამიანებს გვჭირდება სიყვარული, ჩვენ გვინდა რომ ვუყვარდეთ და ასევე ჩვენც ძალაუნებურად გვიყვარს სხვები. ზოგჯერ ჩვენს ორგანიზმში იმდენად ძლიერი პროცესები მიდის, რომ თავის მართვა გვიჭირს. ყველა ადამიანი სიყვარულის დროს ამჟღავნებს გარეგან ნიშნებს, რომლებსაც დაკვირვებული თვალი ამოიცნობს. შეიძლება აქვე გაჩნდეს საინტერესო კითხვა: არსებობს ერთი ნახვით სიყვარული? პასუხი იქნება ალბათ–არა. რამეთუ სიყვარული გრძნობა საკმაოდ ღრმაა ფსიქოლოგიურ დონეზე, ის თანდათან ყალიბდება და სიყვარულის ობიექტზე ემოციურ მიჯაჭვულობას იწვევს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით კაცებს უფრო მარტივად უყვარდებათ ადამიანი, ვიდრე ქალებს, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში გრძნობა უფრო მყარია. ეს ყოველივე არ გამორიცხავს იმას, რომ პირველივე ნახვით ვინმეს მიმართ მიზიდულობის გრძნობა ან ვნება გაგვიჩნდეს, თუმცა როგორც წესი სიყვარულს დრო სჭირდება. სიყვარულს დაავადებების ნუსხაშიც კი იხილავთ (ვფიქრობ არცისე უსამართლოდ).
როგორია ჭეშმარიტი სიყვარული?
ჩვენს გონებაში ხშირად სიყვარულს კარგი დასასრული აქვს, ზოგჯერ იმის უფლებასაც ვაძლევთ თავს რომ ამას ლოგიკური დასასრული ვუწოდოთ. თუმცა რატომ გვავიწყდება, რომ ხშირად ის ისტორიები რომლებიც ჩვენთვის სიყვარულის ეტალონია სწორედ რომ „არალოგიკურად“ და ტრაგიკულად დასრულდა. ხომ არ გავიწყდება მკითხველო რომეოზე ზედ დამკვდარი ჯულიეტა? იზოლდას ლოდინში სულ ამოხდილი ტრისტანი? მთელი ცხოვრება ბელატრიჩეს მგლოვიარე დანტე? და მერი? ბევრი გეტყვით რომ სიყვარულისთვის მთავარია გაგება, პატივისცემა, ნდობა და ა.შ. თუმცა არა, ჭეშმარიტი სიყვარულის ერთადერთი ფომულაა–თავგანწირვა. და რა არის თავგანწირვა? ეს არის სწორედ ის როდესაც შენ სიყვარული აღგამაღლებს. როცა საკუთარ თავზე წინ სხვას დააყენებ, როცა სიყვარულის ობიექტისთვის დაუნანებლად სწირავ ყველაფერს–ღირსებას, რეპუტაციას, სიამაყეს... ეს არის იდეალისტური შეხედულება. გავიხსენოთ სერვანტესის დონ კიხოტე, რაინდი გამოგონილ ქალს დულსინეას ეტრფის და მის გამო სჩადის საგმირო საქმეებს, ის იდეალისთვის–სიყვარულისთვის თავსწირავს. ლიტერატურა მდიდარია მისთანებით.
თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ ყველაზე ძლიერი სიყვარული პლატონური ანდაც უიმედო სიყვარული ყოფილა. რატომ? რადგან განსხვავებით ორმხრივი რომანტიკული სიყვარულისა ამ დროს ჩვენ არ ველით საპასუხო რეაქციას ჩვენი სიყვარულის ობიექტისგან. ეს ძალზედ დამანგრეველი გრძნობაა. ფრიდრიხ ნიცშე აღნიშნავდა, რომ მართალია ეს ნეგატიური მოვლენაა თუმცა უსიყვარულობას სჯობს. პლატონის აზით ამგვარი არახორციელი სიყვარულია ჭეშმარიტი. გიყვარდეს ის ვინც შენი არასდროს იქნება, არ ნებდებოდე ბედს და ილტვოდე მისკენ, განა ამაზე დიდი თავგანწირვა რა არის? ანა კარენინამაც თავი გასწირა სიყვარულისთვის. სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს, ის სასტიკია. რას გრძნობდა გალაკტიონი როდესაც „მერის“ წერდა? მას თავისი თავისთვის განაჩენი გამოჰქონდა. სიყვარული დამღუპველი გრძნობაა, თუმცა ზოგჯერ ის ისეთი ძლიერია რომ ჩვენი ნებით მივემართებით ეშაფოტზე და სიმღერით ვხტებით თავით უფსკრულში, ვმღერით ვით ტბის სევდიანი გედი...
ავტორი: გიორგი აბულაძე