თეგებით ძიება

მუდმივი შეკითხვა – როგორ ითვლიან ადამიანებს აქციაზე?

ყველა შედარებით ფართომასშტაბიან აქციას მოსდევს შეკითხვები მონაწილეთა რაოდენობის შესახებ. ხშირად ეს საკითხი მანიპულაციების საბაბი ხდება.  როგორც წესი ასეთი ტიპის მანიპულაციებს ხელისუფლება მიმართავს, ოპოზიციის სისუსტესა და საზოგადოებაში დაბალი უკმაყოფილების დონის ხაზგასასმელად. ჩემი საფუძვლიანი აზრით კი საპროტესტო ღონისძიებებზე თავების რაოდენობის მნიშვნელობა გაზვიადებულია. ხშირად ოპოზიციონერები და სამოქალაქო ჯგუფები აზვიადებენ საკუთარ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობას. საკმაოდ რთულია ზუსტად ვთქვათ რამდენი ადამიანი იყო დემონსტრაციებსა და მასობრივ შეკრებებზე.

მსოფლიოში არსებობს ყველაზე აპრობირებული მეთოდი ხალხის მასების კალკულაციისთვის, ეს გახლავთ – ჯეიკობსის მეთოდი. ეს მეთოდი გასული საუკუნის 60-იან წლებში, ბერკლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორმა ჰერბეტ ჯეიკობსმა შეიმუშავა.

ზემოთ ხსენებული მეთოდის მიხედვით, მასობრივი შეკრების ამსახველ ობიექტურ ფოტომასალაზე დაყრდნობით ხდება შეკრების ტერიტორიის ფართობის გაზომვა და ამ ფართობზე ადამიანთა სიმჭიდროვის დადგენა. შეკრების ტერიტორია იყოფა A, B და C კატეგორიებად. A კატეგორია, ითვლება ძალზედ მჭიდრო დგომად (დაახლოებით 3.5 ადამიანი/1 მ²), B, საშუალოდ (2.5 ადამიანი/1 მ²), C კი მეჩხერად (1.5 ადამიანი/1 მ²).

ამ მეთოდით, თუ უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანი შეივსო, რომლის ფართობი დაახლოებით 3000 მ²-ია, გამოდის რუსთაველის გამზირზე საშუალოდ 7-8 ათასი ადამიანი დგას. ასევე გავრცელებულია ე.წ. „3.5%-ის პრინციპი“, რომლის მიხედვითაც თუ პტოტესტში მონაწილეობს აქტიური მოსახლეობის 3.5% პოლიტიკური ცვლილებების ალბათობა ძალიან დიდია. საქართველოში პოლიტიკურად აქტიურ მოსახლეობად შეგვიძლია მივიჩნიოთ დაახლოებით 1.5-2 მლნ. ადამიანი. მათი 3.5% კი დაახლოებით 50 000-70 000 ადამიანია, თუმცა ეს რაოდენობა ქუჩაში არასოდეს გამოსულა. რეალურად, მიახლოებით 30, 40 და 50 ათასი ადამიანი, საქართველოს ისტორიაში მხოლოდ რამდენჯერმეა გამოსული. როდესაც ქუჩაში ამ მასშტაბის მასა გამოდის, ხალხის თვალში 100-200 000-ს ადამიანად აღიქმება.

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის საპროტესტო გამოსვლების პერიოდში 1988-1990 წწ.-ში, სახალხო პროტესტის მაქსიმუმი 25 ათასი ადამიანი იყო. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს, თავისუფლების მოედანზე, დემონსტრანტთა რიცხვი დაახლოებით 20 ათასი იყო. 2007-2009 წწ. საქართველოს ღრმა პოლიტიკური კრიზისი უწყვეტი პერიოდია, რომელიც ხასიათდება უპრეცენდენტო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებით. 2007 წლის 2 ნოემბერს, რუსთაველის გამზირი 40 000-მდე ოპოზიციის მხარდამჭერმა შეავსო. კიდევ უფრო დიდი იყო 2008 წლის 13 და 20 იანვრის დემონსტრაციები. მასობრივი ხასიათი ჰქონდა 2009 წლის 9 აპრილისა და იმავე წლის 26 მაისის დემონსტრაციებს. ყველაზე მასშტაბური კი ვფიქრობ 2012 წლის 29 სექტემბერს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი მიტინგი იყო.

ბოლო დროს ხშირად ჩნდება კითხვები, თუ რატომ არ გამოდის მსგავსი რაოდენობით ადამიანი ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ხელისუფლება გაცილებით უკეთესია წინამორბედებზე? – ცხადია არა. უბრალოდ ახლა არსებობს უფრო მრავალფეროვანი მედია და რაც მთავარია სოც. ქსელები, რომლის მეშვეობითაც ე.წ. „ორთქლის გამოშვება“ ხდება. გარდა ამისა, არსებობს სხვა არაერთი ობიექტურ/სუბიექტური მიზეზი.

ბოლოს კი, მაგალითისთვის მსურს დავწერო, რომ 2008 წლის იანვარში ოპოზიციის მიერ გამართულმა გრანდიოზულმა გამოსვლებმა შედეგი ვერ გამოიღო, განსხვავებით 2003 წლისგან, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელში პირველზე ორჯერ ნაკლები ადამიანი მონაწილეობდა.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა