შშმ პირები გამჭვირვალობის კანონპროექტს საფრთხისშემცველად მიიჩნევენ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი წარმომადგენლები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ეხმაურებიან. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტს და მიაჩნიათ, რომ კანონის მიღება დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ საფრთხის შემცველია თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მთელ მოსახლეობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები ვართ", - აღნიშნულია განცხადებაში.
შშმ პირები ასევე მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს ვეღარ მიიღებენ.
„ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდამჭერ სერვისებს, შეფერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ხელი შეეშლება ჩვენს საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამონაწილეობას, უფრო მეტად შეგვეზღუდება ავტონომია და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა. ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითმიზანი კი – ევროკავშირი და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაა. აქედან გამომდინარე, თქვენ ვალდებულები ხართ, გაითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებები და ინტერესები, არ დაუჭიროთ მხარი ჩვენ საწინააღმდეგო, რუსულ კანონპროექტს!“ - აცხადებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.