რატომ არ დგას თბილისში ზვიად გამსახურდიას ძეგლი და სად გაქრა ძეგლის დადგმისთვის გამოყოფილი ფული?
რატომ არ დგას საქართველოს დედაქალაქში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი, ვინ ეწინააღმდეგება ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას და რატომ არ მოსწონთ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მიმდინარე სამუშაოები? - ამ და სხვა თემებზე TIA.GE - ს „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი, თამარ დადიანი ესაუბრა.
- ალბათ გიფიქრიათ, რატომ არ დგას საქართველოს დედაქალაქში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი? ქალაქში, სადაც გვაქვს ჯორჯ ბუშის ქუჩა, რონალდ რეიგანის და ჰეიდან ალიევის ძეგლები, რატომ არ გამოინახა ზვიად გამსახურდიასთვის ადგილი, ხომ საინტერესოა? უფრო საინტერესო ისაა, რომ 4 წლის წინ, თბილისიის საკრებულომ ძეგლის დასადგმელად 500 000 ლარი დაგვიმტკიცა. მერიამ ძეგლის შესარჩევად ორჯერ კონკურსი ჩაატარა, მაგრამ ვერც ერთმა პროექტმა ვერ გაიმარჯვა და ამით ყველაფერი დასრულდა. ამ დრომდე ვითხოვთ გავიგოთ ეს 500 000 ლარი სად წავიდა და რომელ მემორიალს მოხმარდა, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებთ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას ვიღაც ეწინააღმდეგება და საერთოდ, პირველ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ტაბუ ადევს.
_ ძეგლი სად უნდა დადგმულიყო?
_ ჩვენ გვინდოდა, რომ პარლამენტის შესასვლელთან, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ქალის და კაცის ქანდაკება იდგა, მერაბის და ზვიადის ძეგლები აღმართულიყო. თავიდან თითქოს დაგვთანხმდნენ, მაგრამ მერე გვიპასუხეს, ოღონდ ეს ადგილი არ გვთხოვოთ და ნებისმიერს დაადეთ ხელიო. მაშინ თავისუფლების მოედანთან, პუშკინის სკვერში ვითხოვეთ. ეს ადგილიც დაგვიწუნეს, სხვა ადგილი აირჩიეთო. ამის შემდეგ, მშრალ ხიდთან, 9 მარტის ბაღში შემოგვთავაზეს პრეზიდენტის არა ძეგლის, არამედ ბიუსტის დადგმა. დავთანხმდით, მხატვრები მოიწვიეს, კონკურსი ჩატარდა, მაგრამ იმის მერე ორი წელი გავიდა და არაფერი გაკეთებულა. პასუხსაც არავინ გვცემს. დღეისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიუსტები ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და საჩხერეში დგას, თბილისში - არა. ეროვნული გმირების მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაუგებარი და მიუღებელია, მით უმეტეს, რომ მსგავსი პრეტენზიები მეორე ეროვნულ გმირთან, მერაბ კოსტავასთან დაკავშირებითაც გვაქვს.
_ მერაბ კოსტავას ძეგლს გულისხმობთ?
_ არა, ერაბ კოსტავას ბიუსტი ჭადრაკის სასახლის ეზოში დგას, მაგრამ ახლა სხვა რამეს ვგულისხმობ. ალბათ იცით, რომ 2022 წელს კოსტავას სახლის რეაბილიტაცია დაიწყო. მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს, ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა. მუზეუმმა ბინა დაარსებისთანავე დაიდო ზანდუკელის ქუჩის N1-ში, მემორიალურ სახლში, სადაც 1939 წელს დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, მერიამ გამოაცხადა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ისე ჩატარდებოდა, რომ ძეგლის არქიტექტურული თავისებურება, მემორიალობა და ავთენტური კედლები შენარჩუნებული იქნებოდა, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სიტყვა გატეხეს..
_ კონკრეტულად, რა არ მოგეწონათ?
- 2 თვის წინ, მე და ჩემი მეგობარი ვიყავით ასულები, დავათვალიერეთ და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ეს მერაბ კოსტავას მუზეუმი აღარაა. როგორც კოლხური კოშკი დავკარგეთ შინაარსობრივად და დღეს კოლხური კი არა, ევროპული სახლია, ასეთივე სიტუაცია მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმშიც. რა თქმა უნდა, მერიას დავუკავშირდით და ვთხოვეთ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმისთვის პირვანდელი სახე დაებრუნებინათ და მხოლოდ „კოსმეტიკური რემონტი“ ჩაეტარებინათ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. წარმოიდგინეთ, ორსართულიან სახლში ლიფტის გაკეტება უნდათ. მერაბ კოსტავა მეორე სართულზე ლიფტით ავიდოდა? ამ ფეშენებელურ მუზეუმს რომ ნახავს, ახალ თაობას როგორ დავაჯერებთ, რომ მერაბ კოსტავა ვინმე ბობოლა კი არა, საშუალო შეძლების ოჯახში გაზრდილი პატრიოტი იყო და იმპერიის წინააღმდეგ შიშველი ხელებით იბრძოდა? საერთოდ, მე კულტურული და ისტორიული ძეგლების მიმართ უფრო ფაქიზი დამოკიდებულების მომხრე ვარ. მე თუ მკითხავთ, პარლამენტის წინ მდგარი მრავლისმნახველი ნაძვებიც არ უნდა მოეჭრათ, რომლებიც ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილად იქცნენ.
საუბრის ბოლოს, საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და ვუსურებ, რომ თავდავიწყებით ყვარებოდეთ და არასოდეს ეღალატოთ ამ ქვეყნისთვის. ამას ვუსურვებ ყოველ აქ დაბადებულ ადამიანს.