თეგებით ძიება

„კონტრაქციები შეიძლება საპირისპიროდ შეუტრიალდეთ, როგოც 1989 წელს ჩაუშესკუს“ - ვახტანგ მაისაია ხელისუფლებაზე

„კონტრაქციები შეიძლება საპირისპიროდ შეუტრიალდეთ, როგორც 1989 წელს ჩაუშესკუს“ - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-სთან პოლიტოლოგმა, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.

„აშშ-ის დახმარების პაკეტი ფრონტზე სერიოზულ გავლენას მოახდენს, ეს მისცემს საშუალებას უკრაინულ ძალებს მოახდინონ სტრატეგიული თავდაცვა, მოიგერიონ რუსული შეტევა და შემდეგ გადავიდნენ კონტრშეტევაზე. პაკეტი მოიცავს დამრტყმელი ოპერატიულ-ტაქტიკური ტიპის საჰაერო კომპლექსების გადაცემას, რომელსაც შეუძლია სამას კილომეტრამდე მოქმედება. ამის პარალელურად ბრიტანეთმაც გამოუყო დახმარება უკრაინას, მასში შედის საზღვაო დრონებიც“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.

მაისაია ასევე აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული გარდატეხაც მოხდეს ფრონტზე მიმდინარე წელს.

„შესაძლებელია გარდატეხასაც ჰქონდეს ადგილი, მაისი-ივნისი-ივლისი იქნება კუმინაციური ამ ეტაპზე. ძალიან დინამიური თვეები იქნება, რომელიც ბევრ რამეს გვიჩვნებს. რთულია პროგნოზები, ალბათ კიდევ 2 წელი გაგრძელდება სამხედრო მოქმედებები“, - ამბობს მაისაია.

პოლიტოლოგმა უპასუხა კითხვებს აქტუალურ სადაო კანონზე „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“. მისი თქმით, ეს რეალურად გამჭირვალობას კი არა ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაღრმავებას ემსახურება.

„მმართველ ძალას, როგორც ჩანს უნდა ქვეყანა ბელარუსიზაციის გზას გაუყენოს და გააღრმავოს ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი. თუ მათ რეალურად  უნდათ გამჭირვალობა, არსებობს უამრავი კანონთა პაკეტი, ეს საკითხი უმაღლეს დონეზე დგას ჩვენს სახელმწიფოში და გამჭირვალობის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. მრავალი ბერკეტი აქვს სახელმწიფოს. გვაქვს: საფინანსო დაზვერვა (რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა), კანონები მასმედიის, გრანტების, არასამთავრობოების, ლობიზმის შესახებ, რომლებიც ეფექტურად არეგულირებს შესაბამის საკითხებს. ჩვენ არ გვჭირდება ახალი კანონი, მითუმეტეს ძალოვანი სტუქტურის ხელში. რუსეთში აკონტროლებენ ძალოვნები არასამთავრობოებსა და მედიას. პუტინმა ეს კანონი 2022 წელს შემოიღო ამ ფორმით და არა 2012 წელს, რომელიც ძალიან ჰგავს მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულს.

29 აპრილს საკმაოდ კულმინაციური მომენტი იქნება, მეორე მოსმენით თუ მიიღეს კანონი პრაქტიკულად ნიშნავს რომ მიიღეს კანონი, რადგან მესამე მოსმენა უკვე ტექნიკური ხასიათისაა. პრეზიდენტის ვეტოს კი დაძლევენ და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა კანონი ძალაში. ხელისუფლების პროპაგანდამ არ გაჭრა, იქმნება ვირტუალური რეალობა სოციალურ ქსელებში თითქოს ამ კანონს მხარს უჭერენ საზოგადოებაში. პროტესტს რასაკვირველია გამოიწვევს ამ კანონის მიღება“, - აცხადებს მაისაია.

„მმართველი პოლიტიკური ძალა თავს დაუცველად გრძნობს, რადგან საკმაოდ დიდი შეცდომა დაუშვა. კონტრაქციები შეიძლება საპირისპიროდ შეუტრიალდეთ, როგოც 1989 წელს ჩაუშესკუს (ეს მოვლენა რუმინეთში რევოლუციით დაგვირგვინდა, დიქტატორს საკუთარი შეკრებილი ხალხიც დაუპირისპირდა და რეჟიმი დაემხო)“, - დასძენს მაისაია. 

ესაუბრა გიორგი აბულაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა