თეგებით ძიება

სახელმწიფო პირების რიტორიკა და ქმედებები კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება, რაც უკანონობაა - გაიგე მეტი

ბოლო პერიოდში, მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერის გამო, აბსოლუტურად ყველა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი მოგვიწოდებს, რომ ეს კანონი შეუთავსებელია საქართველოს მისწრაფებებთან. კანონს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია იწონებს. დასავლელი მაღალჩინოსნები ხაზს უსვამენ, რომ სანამ ეს კანონი იმოქმედებს არ გაგვიხსნიან კარს ევროატლანტიკურ ოჯახში. საპირისპიროდ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები, ქვეყნის პრემიერ მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მძლავრ ანტი-დასავლურ რიტორიკას ანხორციელებენ -  რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა.

კონსტიტუცია არის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომლის ერთგულებაც აბსოლუტურად ყველას ვალდებულებაა. საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს 78-ე მუხლი, რომელიც ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ, სახელმწიფო ორგანოს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანოებში ინტეგრაციისთვის ყველაფერი გააკეთოს. კონსტიტუციური კანონის დარღვევა არის დიდი დანაშაული და მიანიშნებს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას.

რა წერია 78-ე მუხლში?

მუხლი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების დროს დაემატა კონსტიტუციაში, რომელიც მიიღეს 2017 წლის სექტემბერში. გარდა ამისა კონსტიტუციაში მითითებულია, რომ ძალაუფლების წყარო ხალხია. ხალხმა 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულ პლებისციტზე, რომელშიც მონაწილეობა თითქმის 1.8 მილიონმა ადამიანმა მიიღო ხმათა 77%-თ მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. მას შემდეგ ჩატარებული ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს რომ ქვეყნის ევროპულ კურსს გამოკითხულთა 75-85%-იანი მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები: პრემიერი, პარლამენტის სპიკერი, მინისტრები და ა.შ. დაუშვებელია აწარმოებდნენ ანტი-დასავლურ ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ხალხის ნებასა და კონსტიტუციურ ჩარჩოს. უკანასკნელი პერიოდია თბილისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება კანონის გაწვევის მოთხოვნით, საერთაშორისო საზოგადოება კი სანქციებზე საუბრობს. იმ ფონზე, როდესაც ევროპული სტრუქტურებიდან ოფიციალურად კეთდება განცხადებები, რომ ამ კანონის მიღება შეაჩერებს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს, საქართველოს ხელისუფლება კი მაინც აპირებს კანონის მიღებას ის არღვევს კონსტიტუციას. კონსტიტუციური კანონის დარღვევა შეიძლება იქცეს თანამდებობის პირების იმპიჩმენტის გზით გადაყენების მიზეზად, ასევე შესაბამის პირებს შეუძლიათ ხელისუფლების წინააღმდეგ იჩივლონ საკონსტიტუციო სასამართლოში. რასაკვირველია, ასეთ პირობებში ლეგიტიმურია საზოგადოების პროტესტიც.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა