თეგებით ძიება

მძღოლების 95% ტელეფონზე საუბრობს.. მობილურზე „მესიჯობის“ გამო დიღომში ავარია მოხდა და სამი მანქანა დაიმტვრა - ნიკოლოზ კაჭკაჭური

რამდენიმე დღის წინ TIA.CE-ს სარეკლამო ფირებით შეწუხებულმა თბილისელმა მგზავრმა მიმართა, რომლის წერილს უცვლელად გთავაზობთ: „დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ხშირად მიწევს. ჩემი ტანჯვა ავტობუსების და მიკროავტობუსების ფანჯრებზე რეკლამების გაკვრის შემდეგ დაიწყო. ბადისებრი რეკლამით აჭრელებულ ფანჯარაში ყურების შემდეგ თავბრუ მეხვევა, თვალები და თავი მტკივდება, ამიტომ ვცდილობ ფანჯარასთან არ დავჯდე  ან გარეთ არ გავიხედო. მაინტერესებს, არ შეიძლება, რომ ვინმემ მგზავრის კომფორტზეც იზრუნოს და რეკლამა ფანჯრის ქვემოთ გააკრას? მით უმტეს, რომ არავის აინტერესებს ამ რეკლამებზე რა წერია“. TIA.GE დაინტერესდა რას ფიქრობენ ზემოთხსენებულ პრობლემაზე მძღოლები და კომენტარისთვის მძღოლთა ასოციაცია „ტასატის“ თავმჯდომარეს, ნიკოლოზ კაჭკაჭურს დაუკავშირდა:

- ბადისებრი რეკლამების გარდა, თბილისის ტრანსპორტში სხვა პრობლემებიც დაგროვდა, თუმცა კარგიც გაკეთდა და ესეც უნდა აღინიშნოს. როგორც იცით, „ტასატის“ თავმჯდომარეობის გარდა, მუნიციპალური სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ვარ და ჩემი მგზავრებისგანაც მსმენია, რომ რეკლამა თავს და თვალებს ატკივებს, თვალები უჭრელდებათ და ა.შ. გემახსოვრებათ, ყვითელ მიკროავტობუსებს რეკლამები გვერდებზე ისე ჰქნოდათ გაკრული, რომ ფანჯრებს არ ფარავდა და პრობლემებს არ ქმნიდა. გარდა იმისა, რომ მხედველობაზე მოქმედებს, მგზავრი ვერ ხედავს რეკლამაში „გახვეულ“ ტრანსპორტში თავისუფალი ადგილი არის თუ არა. ზოგჯერ ხდება, რომ მიკროავტობუსს  აჩერებენ და თავისუფალი ადგილი თუ არაა, აღარ ამოდიან. ზოგჯერ მგზავრი ვერ ხედავს, რომ სამარშრუტო ტაქსი სავსეა და ილანძღება, თუ მძღოლმა არ გაუჩერა. ჯერ არ გამიგია, რომ ამ რეკლამებით ვინმე დაინტერესებულიყოს და რამე  ეყიდოს და ვერ ვხვდები, მათი გაკვრის მიზანი რაა, მაგრამ თუ აკრავენ, ისეთ ადგილზე მაინც გააკრან, რომ მინა არ დაფაროს. სხვათა შორის, ამ სარეკლამო ფირების აძრობა საკმაოდ ძნელია და ზოგ ყვითელ მიკროავტობუსს მისი კვალი დღემდე ეტყობა.

- ტრანსპორტის სფეროში სხვა პრობლემებიც დაგროვდაო, ბრძანეთ. იქნებ დაგვიკონკრეტოთ რომელ პრობლემებს გულისხმობთ?

_ არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ვფიქრობ, სანამ საგზაო პოლიცია არ შეიქმნება, ამ პრობლემებს არაფერი ეშველება. პრობლემას ქმნიან ქალაქში მოძრავი სატვირთო მანქანები, საიდანაც მუდმივად პატარა კენჭები ცვივა. ახლახან, ასეთმა კენჭმა საქარე მინა გამიტეხა და ასეთი ბევრ შემთხვევაა. ვფიქრობ, რომ სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთოებმა როგორც უნდათ, ისე რომ დადიან, მარტო პირველ ან მეორე ზოლში უნდა იმოძრაონ. გარდა ამისა, არასწორად გაჩერებული მანქანები და ჩახერგილი ქუჩებიც პრობლემაა. წინამძღვრიშვილის ან მარჯანიშვილის ქუჩაზე ავტობუსებს მოტრიალება უჭირთ იმის გამო, რომ მსუბუქი ავტომანქანები არასწორადაა გაჩერებული. ზოგმა მძღოლმა ოღონდ თავისი მანქანა გააჩეროს და სულ არ ადარდებს თუ ვიღაცას ხელს შეუშლის. მანქანებს აღარ იპარავენო და ხალხს საკუთარი ტრანსპორტი ეზოშიც კი აღარ შეჰყავს. წამომყვეს ნებისმიერი ადამიანი და ვაჩვენებ ეზოებს, სადაც ასი მანქანის გასაჩერებელი ადგილია და გარეთ, ავტობუსის გაჩერება მანქანებით სავსეა. 

დააყენოს სატრანსპორტო სამსახურმა ავტობუსებზე ვიდეოკამერები და ნახონ, რომ კერძო მანქანების გამო ავტობუსი გაჩერებაზე ვერ შედის. პრობლემას ქმნიან უვიცი მძღოლები - დღე არ არსებობს, რომ 10-15 მოძრაობის საწინააღმდეგოდ მომავალი მანქანა არ შემხვდეს. ან მოძრაობის წესები არ იციან ან განგებ არღვევენ, აბა როგორ შეიძლება ვერ დაინახო, რომ ცალმხრივი მოძრაობაა და უკან წამოსვლა არ შეიძლება? ომამიტომ ვამბობ, რ საგზაო პოლიცია უნდა ჩამოყალიბდეს. პატრული ასეთ დარღვევებს ნაკლებად აქცევს ყურადღებას და ამისთვის არც სცალია.

_ამ პრობლემების შესახებ სატრანსპორტო სამსახურში თუ გისაუბიათ?

_ სატრნსპორტოში კი არა, პარლამენტშიც ბევრჯერ ვყოფილვარ და პარლამენტარებთანაც მისაუბრია, მაგრამ ყველა ხელებს შლის - ეგ ისეთი სფეროა, რომ პატრონი არ ჰყავსო. აბა თქვენ ვინა ხართ? ვითარების შეცვლა არ შეგიძლიათ? პრობლემებს ქმნის დაუხაზავი გზები და მოუწესრიგებელი გზაჯვარედინებიც. არადა, თუ მოინდომებენ, მშვენივრად შეუძლიათ. ავჭალის მხარეს კარგი დეპუტატი ან კარგი გამგებელი ჰყავს - გზაჯვარედინებზე, სადაც შუქნიშანი არ დგას, ოვალური სარკეები უყენიათ. ასეთი სარკეები სხვა ადგილებშიც საჭიროა, მაგალითად, მონტინის მხარეს, საავადმოფოს ზევით ისეთი ადგილია, რომ ყოველი შემსვლელი მანქანა ავარიულ სიტუაციას ქმნის და ოვალური სარკეები აუცილებელია.  

_ წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საცობების პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდა.. 

_ წერეთელზე საცობები აღარაა და მძღოლებმა ამოისუნთქეს, მაგრამ საცობებს მარტო გზის რეაბილიტაცია არ ქმნის. მაგალითად, საჭესთან ტელეფონზე საუბარი ხომ აკრძალულია? მერწმუნთ, მძღოლების 95% ტელეფონზე საუბრობს, ან ყურსასმენებით ან ისე. ნებისმიერ მანქანაში რომ შეიხედოთ, მძღოლი ვიღაცას ელაპარაკება ან ემესიჯება და ეს ძალიან დიდ საცობებს წარმოშობს. ბევრჯერ მინახავს, შუქნიშანზე მწვანე აინთო, მაგრამ სანამ მძღოლი მესიჯს არ დაასრულებს, ადგილიდან არ იძვრება. ვის ადარდებს, რომ უკნიდან მანქანები უსიგნალებენ.. ამასწინათ, დიღმის მასივში დიდი ავარია მოხდა და სამი მანქანა დაიმტვრა. მიზეზი - მძღოლი „მესიჯობდა“ და ვერ დაინახა, რომ წინა მანქანა გაჩერდა. 

დავუბრუნდები თქვენს კითხვას წერეთლის გამზირზე და გეტყვით რომ კარგია, მაგრამ შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. მაგალითად, შეიძლებოდა, რომ ავტობუსს შუაში კი არა, კიდეში ევლო და ამდენი შუქნიშანი და გადასასვლელი საჭირო არ იქნებოდა. ესეც ხომ საცობების გაჩენის შანსებს ზრდის? თამარ მეფის გამზირზე რომ ავტობუსი  მარჯვენა ზოლში დადის, უკეთესი არაა? კიდევ ერთი შენიშვნა - ქალაქის მერიის წინ, კანდელაკის ქუჩისკენ გაუგებარი რამ ხდება - ავტობუსი ჯერ მარჯვენა ზოლში მიდის, მერე მარცხენაში გადადის,  და მერე მარჯვნივ გადადის. გამოუცდელი მძღოლი შეიძლება შეიძლება დაიბნეს, მოძრაობის წესები დაარღვიოს და საკმაოდ დიდი ჯარიმაც მიიღოს. მოსკოვის გამზირზე ავტობუსის ზოლს ნიშანი არ აქვს და მძღოლმა ინტუიციით უნდა იმოძრაოს. რაღაც დაიწყეს და შუა გზაზე მიატოვეს და ქალაქში ბევრი ასეთი დაუსრულებელი მონაკვეთია, რომელსაც დასრულება სჭირდება. ასე, რომ კარგი რაც გაკეთდა, კარგია, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანია. საუბარს კი ისევ  იმით დავასრულებ, რომ საგზაო პოლიციის შექმნა აუცილებელია და მძღოლსაც და მგზავრსაც  უამრავ პრობლემას ააცილებს თავიდან. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა