ჩემი ვეტო სიმბოლური იქნება, მაგრამ ამას გავაკეთებ ქუჩაში გამოსული ხალხის სახელით - პრეზიდენტი
ეს კანონპროექტი ცვლის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პირობებს, რადგან მათ განიხილავს დივერსიისა და რევოლუციის აგენტებად, რომლებიც ცდილობენ დღევანდელი ხელისუფლების დამხობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა EURACTIV-თან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონის სამიზნე სწორედ ის ორგანიზაციებია, რომლებმაც ააშენეს ქვეყანა დამოუკიდებლობის მომენტიდან, მხარს უჭერენ დემოკრატიულ განვითარებას, სოფლის მეურნეობას, განათლებას და ჯანდაცვას.
„ნარატივი: „თქვენ 30 წელი გვეხმარებოდით, ახლა კი უცხო გავლენის აგენტები ხართ“ – შეუსაბამოა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, კანონპროექტი არის აშკარა დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
„იმის ნაცვლად, რაც უნდა გავაკეთოთ – ვიმუშაოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, ჩვენ ვკარგავთ დროს და საზოგადოების კონსენსუსს იმაზე, რაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ჩვენი კონსტიტუციით. ეს ნიშნავს, რომ ამ მთავრობას, მმართველ პარტიას არ სურს მიგვიყვანოს იმ შედეგებამდე, რასაც უნდა მივაღწიოთ წლის ბოლომდე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეფორმისკენ მიმართული ცხრა ნაბიჯის შესრულებით. ამის ნაცვლად, ჩვენ ახლა ორიენტირებული ვართ ამ კანონზე და მის შედეგებზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ის, ვისაც დღევანდელი სიტუაციის შეცვლა შეუძლია, არჩევნებზე მისული ხალხი იქნება.
„ერთადერთი, ვისაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებში მონაწილეობით. ჩვენ მშვიდად და წყნარად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და იმ როლისთვის, რომლის შესრულებაც ევროკავშირი შეუძლია. მათ უნდა გაარკვიონ, რა არის საქართველოს არჩევანი არჩევნებზე – ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელება და აჩქარება, თუ ეს შესაძლებელია, ან სხვა მიმართულების აღება.
ევროკავშირმა უნდა მოისმინოს არა მარტო ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი არჩევნებზე, რაც იქნება გარკვეული ტიპის რეფერენდუმი. შედეგიდან გამომდინარე, გადაწყდება, შეაჩერებენ თუ არა ისინი (ევროკავშირი) ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვეტო სიმბოლური იქნება, მაინც გამოიყენებს ამ უფლებას.
„ჩემი ვეტო სიმბოლურია. ვიცი, რომ ვეტოს დაძლევა მოხდება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამას გავაკეთებ ქუჩაში გამოსული ხალხის სახელით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.