თეგებით ძიება

რუსეთი „ქართულ ოცნებას“ გაწირავს, ბოლომდე „გადააგდებს“ - ცოტნე კობერიძე

უნდა შეიქმნას დროებითი ხელისუფლება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შეცვლის და ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს წევრი, ცოტნე კობერიძე TIA.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს.

- „ქართული ოცნება“, რომელსაც ყველა გამოკითხვით საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ელოდა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გამო ყველაფერს სასწორზე დებს. როგორ ფიქრობთ, რატომაა ხელისუფლებისთვის ასე მნიშვნელოვანი მისი მიღება?

- „ქართული ოცნების“ გამარჯვება სრულად პროპორციულ სისტემაში მაინც არ იყო მოსალოდნელი, თუ ხმები არ დაიკარგებოდა. 50+ ხმა ქართულ ოცნებას არასოდეს ჰქონია. შესაბამისად, პროდასავლური ხმები მასთან მაინც არ წავიდოდა, ამიტომ ბოლომდე პრორუსული ხმების იმედზე არიან. ამის გამო გაუუქმეს „ალტ-ინფოს“ რეგისტრაცია და ახალი იდეოლოგიური ჩარჩო აიღეს. ცხადია, ამის მიღმა კონკრეტული ადამიანები არიან. კონკრეტული ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული სურვილით, რომ რუსეთს ასიამოვნოს და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა დაძაბოს. კაცი გამოვიდა და თავისი პირით თქვა ყველაფერი, რომ საქმე ერთ-ორ კანონში არ არისო და მერე მასონებივით რაღაც ლოჟაზე ისაუბრა. სიგარა ხანდახან უბრალოდ სიგარაა და კონკრეტულ ლიდერებს ხშირად აზროვნების და ფიქრის პრობლემები აქვთ, ამიტომ ზედმეტმა ნარცისიზმმა გამოიწვია, რომ ეს კანონი ხელმეორედ შემოიტანა. იფიქრა,რომ მარტივად გაუვიდოდა, მაგრამ მიიღო პროცესები, სადაც „ქართული ოცნება“ ყოველ დღე სახეს კარგავს. 

- ერთ-ერთ რუსულ ოპოზიციურ ტელეარხზე ვარაუდი გამოთქვეს, რომ საქართველო ევროკავშირზე უარს ამბობს, რადგან რუსეთისგან აფხაზეთის  და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გარანტია მიიღო. რამდენად შესაძლებელი გგონიათ მოვლენების ასე განვითარება?

- არ მგონია, რომ რუსეთს საქართველოს ხელისუფლებასთან ვაჭრობა ან რამის შეთავაზება სჭირდება, რომ საკუთარი ინტერესები განახორციელოს.  მოსკოვი „ქართულ ოცნებას“ ისედაც იმას ათქმევინებს, რაც უნდა. ასე, რომ არ მგონია, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე სერიოზულად საუბარი დაიწყონ. რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც ყოველთვის საკუთარ დომინანტობას გაჩვენებს, შესაბამიად, „ქართული ოცნების“ მსგავს  პარტიასთან ამაზე საუბარიც არ იქნება. მსგავსი საუბარი რომ ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ ყველაფერს ააჭრელებდა, რომ ტერიტორიებს იბრუნებენ, სოხუმში და ცხინვალში შედიან და ა.შ. მაგრამ ასეთი არაფერი ხდება. ამაზე პუტინიც კი არ გააკეთებს რაიმე ტიპის განცხადებას, რომ საქართველოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობების დათბობაზე. ჩემი აზრით, რუსეთი „ქართულ ოცნებას“ გაწირავს, ბოლომდე „გადააგდებს“ და ასეთ თემებსაც კი არ მისცემს პროპაგანდისთვის.

- For.ge-ს მიერ, ექსკლუზიურად მოპოვებულ ერთ-ერთ ჩანაწერში ნატა ფერაძე სატრანსპორტო კვანძების პარალიზებაზე საუბრობს. ასეთ გეგმებზე და ზოგადად,  ჩანაწერების ავთენტიკურობაზე რას იტყვით?

- ზურაბ ჯაფარიძის ჩანაწერებიც დადეს, ოღონდ შარშანწინდელი საუბრებია, როდესაც „დედაენის ბაღში“ ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით. ამ ჩანაწერების დადების აზრსაც კი ვერ მივხვდი. ფაქტია, რომ ისევ უკანონო მოსმენა მიმდინარებს და ის ადამიანები ზურგს უკან რაზე საუბრობენ, რთული გასარკვევია. ადამიანი უნდა ფასდებოდეს მისი საჯარო პოზიციით და არა ჩანაწერებით. რა ფაბრიკაციაა და სინამდვილეში რაზე ისაუბრა ნატა ფერაძემ ნამდვილად არ ვიცი და არც მგონია, რომ ამას დიდი გავლენა ჰქონდეს იმ პროცესებზე რა პროცესებიც ახლა მიმდინარეობს. ამ პროცესში წარმართველები არიან ადამიანები, რომლებიც მისი მონაწილეები იქნებიან. არ არსებობს ლიდერი, რომლის ნალაპარაკებიც იყოს ამ აქციის მიმდინარეობაზე, შესაბამისად, ფაბრიკაციაც რომ არ იყოს, დიდად არ მაინტერესებს ვინ რას საუბრობს. 

- ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუშიი განაცხადეთ, რომ  „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმმა რეზინის ტყვია გესროლათ, თუმცა შსს რეზინის ტყვიების გამოყენებას უარყოფს. 

- ამას რომ იზამდნენ მაშინვე მივხვდი. სასწრაფოს ექიმს, რომელმაც ტყვია სხეულიდან ამომიღო, ვთხოვე, რომ ტყვია მოეცა, მაგრამ მითხრა უფლება არ მაქვსო და მივხვდი, რომ ამის გახმაურება არ უნდოდათ. ახლაც რომ მიხვიდეთ ჩიტაძის ქუჩაზე, ქვაფენილებს შორის ყრია ეს ტყვიები და მარტივად შეიძლება ნახოთ. ასეთი ტყუილი რაში სჭირდებათ, არ ვიცი. დაჭრილი ადამიანი ვუყურებ და მეუბნებიან, რომ რეზინის ტყვია არ გვისვრიაო. ასი ათასი კაცი იყო ამ ამბის მომსწრე და ვის ატყუებენ, არ ვიცი. ეს არის უტიფრობის მაგალითი და რომ ეტყვი უტიფარი ხარო, ბრაზდებიან და იგინებიან. მოკლედ, არაა ეს ხალხი ნორმალურ ჭკუაზე და ახსნას დიდი აზრი არ აქვს რას რატომ შვებიან. 

- იქნებ სამოქმედო გეგმაზეც გვიამბოთ. ვიცით, რომ 11 მაისს სამ ლოკაციაზე „ევროპის მარში“ გაიმართება, მერე რას აპირებთ?

- 11 მაისს დიდი აქციაა და პერმანენტული აქციები ყოველ დღე იმართება.  ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა, მოვიფიქრე, ხალხს დავღლი და მეორედ იმიტომ შემოვიტანეო. ჩვენ გვსურს ხელისუფლებას დავანახოთ, რომ არავინ დაიღლება. პირქით, საკუთარ ყოფას იუარესებენ და ჩვენ უფრო ვაქტურდებით. რაც შეეხება სხვა გეგმებს, ოპოზიციამ უნდა მოიფიქროს როგორ მისცეს პოლიტიკური ტიპის მიმდინარე პროცესებს. ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი იდეა, რა კონფიგურაცია ექნება არჩევნებზე. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს რა კომბინაცია იქნება არჩევნებზე და ოპოზიციამ ჩემი აზრით, გაერთიანებისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი. ერთი დიდი გაერთიანება უნდა მოხდეს და დროებითი ხელისუფლება შეიქმნას, რომელიც ქართულ ოცნებას შეცვლის და ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს. დროებითი ხელისუფლება შეასრულებს იმ პუნქტებს, რომლებიც დასავლეთმა დაგვინიშნა და მოლაპარაკებების რეჟიმზე გადავალთ. 

_ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მაიდანიზაციის პროცესისთვის  მზადება იწყება. ნამდვილად ასეა?

_ ყოველ წელს მაიდანს ამბობენ. ეს ქართული ოცნების მუდმივი შიშია. იცით მაიდანი რატომ აღიზიანებთ? იქ ხომ პრორუსული ხელისუფლება პროდასავლურმა შეცვალა? თავადაც პრორუსები არიან და პრორუსული საზოგადოება ჰყავთ და ეს მუდმივი შიში ამიტომ აქვთ. რაც შეეხება იმას, აქ მაიდანი იქნება თუ არა, ასეთი პირი ჯერ არ უჩანს. არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და სამოქალაქო საზგადოებაში ყველა იმ აზრზეა, რომ ხელისუფლებას არჩევნებით უნდა გაეცეს პასუხი. რევოლუცია არჩევნების გზით უნდა მოხდეს და დანარჩენი პროცესები ცხადია, ქუჩაშიც იქნება. საარჩევნო კამანიამ აქციის სახე უნდა მიიღოს - დამკვირვებებად უნდა გადავნაწილდეთ და უნდა ვიაქტიუროთ. ბევრი დრო არ დარჩა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა