"დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები?
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები და რატომ გახდა ხუთი წლის წინ დაწყებულ რეფორმაში ცვლილებების განხორციელება საჭირო - ამ თემაზე „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს ესაუბრა.
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ რეფორმა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმას და შედეგად, ახალ საპენსიო სქემას კრიტიკოსები მისი არსებობის არცერთ ეტაპზე არ აკლდა, მათ შორის, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის პერიოდში, როცა ფინანსთა და ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი სქემის ჩამოშლას პროგნოზირებდა და შედეგად, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი უკვე არსებული დანაზოგის გაცემას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, დაგროვებითი საპენსიო სქემა ქვეყანაში მუშაობს და როგორც მისი ავტორები ხშირად ამბობენ, ის წარმატებით ფუნქციონირებს, კიდევ უფრო დაიხვეწება, გაუმჯობესდება და სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო პრაქტიკაში გამოცდილ საუკეთესო მოდელებთან. თუ სქემა წარმატებულია, რატომ გახდა მასში ცვლილებების შეტანა საჭირო, რომელიც პარლამენტში წარადგინეთ?
- საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში მოვამზადეთ და პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, ორ ძირითად მიზანს ემსახურება - ეს არის საპენსიო სააგენტოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბება და ადეკვატური, ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.
ამ ცვლილებების მიზანია პორტფელებში მობილიზებული კაპიტალის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს საპენსიო ფონდის მმართველობითი სისტემა, მათ შორის მართვაში პროფესიონალური კომპონენტის გაძლიერების გზით. ხუთი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საპენსიო აქტივების პორტფელი, ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის კვალდაკვალ საინვესტიციო ინსტრუმენტების ტიპები და რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს საპენსიო ფონდის უფრო ეფექტური მართვის მოდელის ჩამოყალიბებას.
მოგეხსენებათ, რომ საპენსიო რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, რომლის უმთავრესი მიზანია მონაწილეთათვის მაქსიმალური ამონაგების გენერირება, შესაბამისად, რეფორმის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, რადგან რეფორმა ქვეყნის მილიონნახევარი, ეკონომიკურად აქტიური მოქალაქის დანაზოგების მართვას ეხება.
ცვლილებათა ეს პროექტი საპენსიო სააგენტოს მმართველობით და ზედამხედველობით სტრუქტურას გააუმჯობესებს - არსებითად იცვლება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემა, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში დღეს არსებული ორი არათანაბარი მმართველი რგოლის (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად შეიქმნება ერთი მმართველობითი ორგანო, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და პასუხისმგებელი იქნება როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებზე.
- რამდენადაც ვიცით, სამეთვალყურეო საბჭოში არიან მთავრობის წევრებიც -მინისტრები. ეს მოდელი უქმდება? რატომ, არ იმუშავა ეფექტიანად?
- ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ საპენსიო სქემის მმართველობით საბჭოში აღარ იქნებიან მთავრობის წევრები - დღეს არსებული ჰიბრიდული მოდელით, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილია სამი მინისტრი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები.
თავდაპირველად, როდესაც იდგმებოდა რეფორმის პირველი ნაბიჯები, მნიშვნელოვანი იყო საპენსიო სქემის მართვაში სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და მართვის თავდაპირველმა მოდელმა, იმ ეტაპზე, წარმატებით იმუშავა.
დღეს საპენსიო სქემაში ჩართულია საქართველოს მილიონნახევარი მოქალაქე და აკუმულირებულია დაახლოებით 5 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი ლარი საინვესტიციო ამონაგებია. სქემის განვითარების ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დადგა მმართველობითი და საზედამხედველო რეფორმის გატარების საჭიროება, რომელზე მუშაობაც დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ჩვენი მიზანია, ფონდის ამოცანებს და საჭიროებებს უპასუხოს საერთაშორისო, საუკეთესო დასავლური სტანდარტების შესაბამისმა მმართველობითმა სტრუქტურამ, რომელიც, ამავდროულად იქნება მეტად მოქნილი და ორიენტირებული არსებულ საჭიროებებზე. შემიძლია ვთქვა, რომ მმართველობის მოდელი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებშია წარმოდგენილი, სრულ შესაბამისობაშია დღესდღეობით არსებულ და აპრობირებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.