რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე, ბახვა წერედიანი გარდაიცვალა
რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე, ბახვა წერედიანი გარდაიცვალა,- ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
"მეთოჯინე რეზო გაბრიაძის თეატრიდან ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე გავიდა. ყოველ საღამოს მართავდა წარმოდგენებს თავისი შექმნილი პერსონაჟებით. „შევქმენი პირველი თოჯინა - მევიოლინე ნიკოლო, რომელიც პაგანინის პროტოტიპია და გავედი ქუჩაში“. ბახვა წერედიანის მარიონეტების თეატრს სწორედ ამ თოჯინის სახელი დაერქვა - „ნიკოლო“. მევიოლინეს თავის მეწყვილე პიანისტ სებასტიანთან ერთობლივი ნომერი ჰქონდა. შემდეგ შეიქმნა თოჯინები: სტივ უანდერი, მაიკლ ჯექსონი, ანდრეა ბოჩელი, რომლებიც კარგად ახსოვს რუსთაველის გამზირზე მოსეირნე საზოგადოებას.
ბახვა წერედიანმა არაერთი სპექტაკლი შექმნა. ერთ-ერთი ბოლო წარმოდგენაა "უშბა და თეთნულდი", რომელიც მან მესტიის კულტურის სახლში დადგა და 2024 წელს სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მეორე ადგილიც მოიპოვა",-წერია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.