ომის დაწყების შემდეგ რუსეთი მინიმუმ 666 ათასმა ადამიანმა დატოვა - საქართველო მიმღები ქვეყნების ხუთეულშია
2022 წლის დასაწყისიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთი მინიმუმ 666 ათასმა ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Bell-ი ავრცელებს.
მედიის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ეყრდნობა რუსების შესახებ 70-მდე ქვეყნის მიგრაციისა და სტატისტიკური ორგანოების ინფორმაციას, ოფიციალურ სტატისტიკას, ასევე ოფიციალური პირებისა და დიპლომატების განცხადებებს.
მონაცემების თანახმად 110 ათასი რუსი გადავიდა სომხეთში, 80 ათასი ყაზახეთში, 74 ათასი - საქართველოში. ხუთეულში ასევე შედის ისრაელი, სადაც 80 ათასი რეპატრიანტი გადავიდა და აშშ, სადაც 48 ათასმა რუსმა მიიღო "გრძელვადიანი ვიზა" ან ითხოვა თავშესაფარი.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად რუსები გერმანიას ირჩევდნენ - 36 ათასი ადამიანი, ლატვია - 18 ათასი, ესპანეთი - 16 ათასი და ნიდერლანდები - 12 ათასი ადამიანი
სერბეთში 30 ათასი ადამიანი გაემგზავრა, თურქეთში კი 28 ათასმა მიიღო რუსმა ბინადრობის ნებართვა.
The Bell განმარტავს, რომ სტატისტიკაში არ შედის რუსებში პოპულარული ყველა ქვეყანა, ასევე, ყველა ქვეყანას ჯერჯერობით არ აქვს გამოქვეყნებული მონაცემები. გარდა ამისა, მონაცემები არაა დათვლილი თუ რამდენი რუსი დაბრუნდა სახლში ბინადრობის ან სამუშაო და სწავლის ნებართვის მიღების შემდეგ.