კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სკოლებს მოსწავლეების მშობლებისთვის მათი შვილების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გაცემას უკრძალავს
აშშ-ის კალიფორნიის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შტატის სკოლების ადმინისტრაციას უკრძალავს მოსწავლეების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას მესამე პირისთვის, მათ შორის მშობლისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.
ამრიგად, კალიფორნია გახდა პირველი შტატი ამერიკაში, რომელმაც ამგვარი კანონი აამოქმედა.
"ეს კანონი ბავშვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამავდროულად ის მშობლის უმნიშვნელოვანეს როლს იცავს. ის ბავშვისა და მშობლის ურთიერთობებს იცავს და პოლიტიკოსებს და სკოლის პერსონალს ოჯახურ საქმეებში ჩარევას უკრძალავს“, - განაცხადა გუბერნატორ ნიუსომის წარმომადგენელმა ბრენდონ რიჩარდსმა.
კანონის მომხრეები ამბობენ, რომ ის დაიცავს ლგბტქ+ თემის სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც ოჯახში პრობლემებს უქმნიან. თუმცა, კანონის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ კანონი სკოლების ადმინისტრაციასა და ბავშვების მშობლების ურთიერთობებზე ნეგატიურად იმოქმედებს.