ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში გემების აღლუმი უსაფრთხოების მიზნით გააუქმა
რუსეთის ხელისუფლებამ სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი გემების აღლუმი, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო, უსაფრთხოების მიზნით გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე ყოველწლიურად აღინიშნება და ის რუსეთის საზღვაო სიძლიერის დემონსტრირებაა.
როგორც წესი, ღონისძიება პეტერბურგში მდინარე ნევაზე იმართება. წელს ზეიმი 28 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს. რუსეთს უსაფრთხოების მიზნით ადრეც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაუუქმებია.