უნგრეთმა ვეტო დაადო EU-ს ერთობლივ განცხადებას ვენესუელას არჩევნების შესახებ - POLITICO
ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას ვენესუელაში ჩატარებულ სადაო არჩევნებზე უნგრეთმა ვეტო დაადო. განცხადებაში გამოხატული იყო შეშფოთება კენჭისყრის სავარაუდო "ხარვეზებსა და დარღვევებზე" და მეტი გამჭვირვალობისკენ გაჟღერებული იყო მოწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად 28 ივლისის გამოაცხადა მთავრობის მიერ კონტროლირებადმა საარჩევნო ორგანომ, რომელმაც მას ხმების დაახლოებით 51%-ი მისცა მისი ოპონენტის, ედმუნდო გონსალეს ურუტიის 44%-ის წინააღმდეგ. თუმცა, მთავრობამ ვერ ახსნა, თუ როგორ მოხდა ამ შედეგების გამოთვლა და გადამოწმება.
ოფიციალური პირების ცნობით, არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებს სურდათ ერთობლივი განცხადების გაკეთება, თუმცა ბუდაპეშტის პოზიციამ ხელი შეუშალა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა შემდგომში გამოაქვეყნა განცხადება - სადაც ნათქვამია, რომ "სანდო ანგარიშები შიდა და საერთაშორისო დამკვირვებლებისგან მიუთითებს, რომ არჩევნები ჩატარდა მრავალი ხარვეზითა და დარღვევებით". მეორე განცხადებაში კი აღნიშნა, რომ "მონაცემები, რომელიც [ვენესუელას] ოპოზიციამ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა, გვთავაზობს რადიკალურად განსხვავებულ შედეგს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულისგან".
გამოცემა აღნიშნავს, რომ სანამ ხმის მიცემის ჩანაწერები ცნობილი არ გახდება არჩევნების შედეგები ვერ იქნება აღიარებული.
ამ დრომდე, უნგრეთის მთავრობას ვეტოს დადების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.