2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მომზადებაში ბრალდებულმა სამმა პირმა საპროცესო შეთანხმება დადო
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მომზადებაში ბრალდებულმა სამმა პირმა საპროცესო შეთანხმება დადო. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ბიბისი“ წერს, რომ „ალ ქაიდას“ მებრძოლი ხალიდ შეიხ მუჰამედი და კიდევ ორი პირი ბრალს აღიარებენ, რის სანაცვლოდაც პროკურატურა არ მოითხოვს მათ სიკვდილით დასჯას. საპროცესო შეთანხმების პირობები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
მანამდე სიკვდილით დასჯის თავიდან ასაცილებლად და ბრალის აღიარების სანაცვლოდ მოსალოდნელი მსჯავრის სამუდამო პატიმრობით შესაცვლელად 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებულ ამ სამ პატიმარს აშშ-ის პროკურატურამ გარიგება შესთავაზა. საპასუხოდ გუანტანამოს ციხეში მყოფმა პატიმრებმა მოთხოვნების სია ჩამოწერეს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მზად იყვნენ, გარიგებას დათანხმებოდნენ. 2023 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უარი უთხრა პატიმრებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.