ხელისუფლების მომხრეთა რაოდენობა 30%-ის ფარგლებშია, ყველაზე უარესს შემთხვევაში არჩევნები 60/40-თ დასრულდება ოპოზიციის სასარგებლოდ - ძაბირაძე
„ხელისუფლების მომხრეთა რაოდენობა 30%-ის ფარგლებშია, ყველაზე უარესს შემთხვევაში არჩევნები 60/40-თ დასრულდება ოპოზიციის სასარგებლოდ“ - საინფორმაციო სააგენტო TIA.GE პოლიტიკის ანალიტიკოსს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა და კითხვები დაუსვა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
„ამომრჩევლის 60-70% ოპოზიციურადაა განწყობილი, ხელისუფლების მომხრეთა რაოდენობა კი 30%-ის ფარგლებშია. ოპოზიციაზეა დამოკიდებული რამდენად შეძლებს ხალხის მობილიზებასა და ხმების ათვისებას. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ოპოზიცია სწორი მიმართულებით მიდის. პრობლემურია ე.წ. შუაშისტური სეგმენტი, რომელზეც უნდა იმუშავოს ლელოსა და გახარიას ცენტრებმა. ვფიქრობ ოპოზიციის 4 მთავარი სუბიექტიდან 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არცერთს არ ექნება. ყველაზე უარესს შემთხვევაში 60/40-თ დასრულდება არჩევნები ოპოზიციის სასარგებლოდ. პირველ ადგილზე გავა „ქართული ოცნება“, თუმცა ძალიან გაუჭირდება დამოუკიდებლად 76 მანდატის მოპოვება, თუ არ გადაიბირა ოპოზიციიდან ცალკეული დეპუტატები“ - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
„ხელისუფლების ხელში ბევრი ბერკეტია: ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა/დაშინება და სხვა. კარგი იქნებოდა გახარიასა და ლელოს პარტიები თუ გაერთიანდებოდნენ, ის ხელისუფლებისთვის ძლიერ კონკურენტუნარიანი იქნებოდა. ნაციონალურ მოძრაობაში განხეთქილებამ დადებითი შედეგი ის მოიტანა, რომ სააკაშვილის შიშის ფაქტორი საზოგადოებაში დაეცა. 2 მილიონზე მეტი ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე, იქნება უმძიმესი წინასაარჩევნო პერიოდი. გახელებული პროპაგანდა მიდის ხელისუფლების მხრიდან, რომ თითქოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები ოპოზიციის მხარეს არიან მიკერძოებულები, მათ იციან რომ თუ არჩევნებს გააყალბებენ მისი ლეგიტიმაცია არ მოხდება - აცხადებს ძაბირაძე. ის ასევე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების სურვილი 2012 წელსაც იყო, თუმცა სააკაშვილმა ეს ვერ შეძლო: „ნაციონალურ მოძრაობასაც ჰქონდა მცდელობა გაეყლბებინა არჩევნები, თუმცა მოსახლეობაში იმდენად დიდი იყო განცდა, რომ ხელისუფლება დამარცხდა - ვეღარ გაბედეს მათი ნების წინააღმდეგ წასვლა“.
„საქართველოში დიქტატურის დამყარება თითქმის შეუძლებელია, ამის რესურსი ქვეყანაში არ არის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ძალოვნები ცეცხლს არ გაუხსნიან მოქალაქეებს. მცდელობა ჰქონდა 2003 წელს ხელისუფლებას, თუმცა მინისტრმა რომც ბრძანოს შემსრულებლები არ დაემორჩილებიან“ - დასძენს ექსპერტი.
ავტორი: გიორგი აბულაძე