კიევში დააკავეს რეკრუტირების ცენტრის ხელმძღვანელები, რომლებიც მოქალაქეებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში ეხმარებოდნენ - უკრაინის პროკურატურა
კიევში ბორისპოლისა და ბუჩანსკის რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრის ხელმძღვანელები და მათი თანამზრახველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, ბორისპოლისა და ბუჩანსკის რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრის ხელმძღვანელებს მოფიქრებული ჰქონდა სქემა, რომლითაც, ქრთამის სანაცვლოდ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში ეხმარებოდნენ.
„ისინი უზრუნველყოფდნენ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, რაც შემდგომში, საფუძვლად ედებოდა შესაბამის პირთა სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად გამოცხადებას და მათ სამხედრო აღრიცხვიდან ამოშლას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურის განცხადებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, პოტენციურ წვევამდელები სამხედრო აღრიცხვიდან ამორიცხვის შემდეგ, ქვეყნის ტერიტორიას ტოვებდნენ.
უკრაინის პროკურატურის განცხადებით, ცენტრის შენობაში, ასევე, ხელმძღვანელებისა და მათი თანამზრახველის საცხოვრებელ ბინებსა თუ ავტომობილებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა სამედიცინო დოკუმენტაცია, ამასთან, ცენტრის ხელმძღვანელებს ნახევარ მილიონ აშშ დოლარამდე ნაღდი ფული აღმოაჩნდათ, ხოლო მათ თანამზრახველს 600 ათასზე მეტი მეტი დოლარი.
„დაკავებულთა საცხოვრებლებსა და მანქანებში ჩხრეკისას ამოღებული ფულის უმეტესი ნაწილი ბრალდებულებს იატაკქვეშ, ან სახლის კედლებში ჰქონდათ შენახული“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელშიც აგრეთვე აღნიშნულია, რომ ასეთი „მომსახურების“ ტარიფი ერთ პირზე 37 ათასი აშშ დოლარიდან იწყებოდა.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რეკრუტირების ცენტრების ხელმძღვანელების თანამზრახველი სამხრეთ კავკასიის ქვეყნის მოქალაქეა.
„სამხედრო კონტრდაზვერვამ შუამავალი პირი დედაქალაქის რესტორანში იმ დროს დააკავა, როდესაც ის ახალი კლიენტისგან 50 ათას აშშ დოლარს იღებდა. ხოლო რეკრუტირების ცენტრების ხელმძღვანელები საკუთარ კაბინეტებში დააკავეს. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქის საცხოვრებელში ჩატარებული ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იარაღი იქნა ნაპოვნი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დაკავებულებს ბრალი უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა სამხედრო ფორმირებების ლეგიტიმური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, აგრეთვე უკანონო სარგებლის მიცემის შესახებ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 114-1 და 369-ე მუხლებით წარედგინათ.
პროკურატურის მოთხოვნაა, დაკავებულებს გირაოს შეტანის უფლების გარეშე შეეფარდოთ აღკვეთის სახით პატიმრობა.