ფოთლისგან დამზადებული ქაღალდი - უკრაინულმა სტარტაპმა მსოფლიოში პირველი ქაღალდის ცელულოზის ქარხანა გახსნა
ქაღალდის დამზადების ინოვაციური იდეა უკრაინულ მეცნიერს, ტ.შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგს ვალენტინ ფრეჩკას ეკუთვნის. მან კომპანია 2019 წელს დააფუძნა და 100 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა. ფრეჩკამ პირველი ლაბორატორია ზაკარპატიეს სოფელ სოკირნიცაში, თავისი სახლის სამზარეულოში გახსნა, სადაც ფოთლისგან ქაღალდის დასამზადებლად გაზქურის ღუმელს იყენებდა. სახლის პირობებში, გაზის ღუმელთან დაწყებულმა წარმოებამ ქარხანაში გადაინაცვლა. მანამდე კი ფრეჩკას ტექნოლოგიის დასახვეწად სამი წელი დასჭირდა. შედეგად, სტარტაპმა Releaf Paper-მა მსოფლიოში პირველი ქაღალდის ცელულოზის ქარხანა გახსნა, რომელიც ჩამოცვენილ ფოთლებს ამუშავებს. კომპანია ჩამოცვენილი ფოთლებისგან ტექნიკურ, ე.წ. სახარჯო ქაღალდს აწარმოებს, რომელიც შემდგომში მუყაოს, პაკეტის ან სხვა შესაფუთ წარმოებაში გამოიყენება. ერთი ტონა ქაღალდის დასამზადებლად 2,3 ტონა ფოთოლია საჭიროა. ცნობისთვის, ქალაქ კიევში შემოდგომაზე დაახლოებით, 120 000 ტონა ფოთოლი გროვდება.
ფოთლებს კომუნალური სამსახურები აგროვებენ, ხოლო Releaf PAPER-ს ის საწარმოში მიაქვს, სადაც ფოთლის გრანულირება ხდება. რის შემდეგაც მას საწარმოს საშრობკამერაში ათავსებენ, საიდანაც ელევატორებში იგზავნება. მზა ნედლეულის შენახვა და გადამუშავება წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ვიდრე ქაღალდად გადაიქცევა, ფოთლებიდან მიღებული ბოჭკო გადამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის. შედეგად ბოჭკო მთლიანად გამოეყოფა მასში ინტეგრირებულ კომპონენტებს, როგორიც არის ლიგნინი და ჰემიცელულოზი. თუ ფოთოლში სხვა გარე კომპონენტებია, როგორიც, მაგალითად, მძიმე ლითონებია, მათგან მასის სპეციალურ კამერებში დამუშავებისას ირეცხება. თუმცა, როგორც წესი, საწარმოო ნავთობპროდუქტების, ასფალტისა და რეზინის მტვრის გარდა, ფოთლებზე სხვა კომპონენტი არ ფიქსირდება. ყველა ეს ნივთიერება ქიმიური სეპარაციის დროს გამოიყოფა და ქაღალდში არ ხვდება.
ფოთლის ქაღალდის ღირებულება ტონაზე 560–600 დოლარია. მისგან დამზადებული პაკეტები Re-Leaf ვებგვერდზე, 9-10 გრივნად (0.21-0.24 დოლარად) იყიდება. ის მარკეტპლეისებზე ჩვეულებრივი ქაღალდის პაკეტზე ძვირია. ქაღალდისგან დამზადებული პაკეტების გაყიდვა Re-Leaf-მა 2021 წლის მაისში დაიწყო. ორ კვირაში 1,5 ტონა პაკეტი გაიყიდა. 2021 წელს კომპანიამ ბუნების მსოფლიო ფონდისგან (WWF) 350 000 ევროს გრანტი მიიღო. 2022 წელს Releaf Paper-მა საფრანგეთში ქარხნის ასაშენებლად 2,5 მლნ ევროს გრანტი პროგრამის, EIC Accelerator-ის ფარგლებში მოიპოვა. სტარტაპის ფინანსური პარტნიორი EIC Fund, ტექნიკური სკოლა INP Grenoble Pagora და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Business France-ია.
წყარო: კომერსანტი