აღიარება გამოსწორებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. თუ მოძალადე პრობლემას არ აღიარებს, მისი გამოსწორება შეუძლებელია - მანანა ფურცხვანიძე
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. მასთან საბრძოლველად უამრავი ორგანიზაცია შეიქმნა და ერთ-ერთი მათგანია არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობის დაცვის ეროვნული ქსელი“ - „ძდექ“, რომელსაც ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი აქვს და მძიმე მდგომარებაში ჩავარდნილ ადამიანებს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, არტ- თერაპევტის თუ სხვა სპეციალისტის უფასო დახმარებას სთავაზობს. რა ვითარებაა ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მხრივ, იწვევს თუ არა სამხედრო კონფლიქტის სიიახოვე და პოლიტიკური ბატალიები მოსახლეობაში აგრესიის მატებას და აისახება თუ არა აშშ-ს მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის $95-მილიონიანი დახმარების შეჩერება ორგანიზაციის მუშაობასა და ძალადობის მსხვერპლთა მდგომარებაზე? ამის გარკვევა „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ იურისტთან, მანანა ფურცხვანიძესთან ვცადეთ:
- მეტ-ნაკლებად მშვიდი პერიოდის შემდეგ საქართველოში ფემიციდის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა: რუსთავში, ზუგდიდში, აჭარაში, შუახევში და ა.შ. კონკრეტულად, რა ფაქტორები მოქმედებს მოსახლეობაში აგრესიის ზრდაზე და არის თუ არა ამ ფაქტორებს შორის პოლიტიკური ფონი, პოლიტიკოსებში დამკვიდრებული სიძულვილის ენა და მეზობელ ქვეყნებში საომარი ვითარება?
- ეს ალბათ ცალკე კვლევის საგანია და შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ გაკეთდეს შეფასება რა იწვევს აგრესიის ზრდას, თუმცა ადამიანის ფსიქიკაზე გარკვეულ გავლენას საომარი ვითარებაც ახდენს და პოლიტიკური ფონიც, რადგან როგორც არ უნდა მოერიდო პოლიტიკურ ინფორმაციას, ის მაინც მოვა და თავისი გავლენა ექნება.
სამუხაროდ, სიძულვილის ენა, რომელიც პოლიტიკურ წრეებში დამკვიდრდა, ასახვას საზოგადოებაშიც პოვებს. თანდათან ეს ქცევებში გადადის და ზოგისთვის შემოსავლის წყარო, ზოგისთვის კი ცხოვრების წესი ხდება. მოკლედ, ამას ადამიანებზე გარკვეული გავლენა აქვს, თუმცა ეს შეიძლება ძალადობის მატების ერთ-ერთი მიზეზი იყოს და არა ერთადერთი.
- თქვენ აზრით, შეამცირებს თუ არა კანონის გამკაცრება ძალადობას?
_ ჩემი აზრით, კანონი როგორც არ უნდა ამკაცრო, პრობლემას ვერ აღმოფხვრის. კანონის გამკაცრება არ არის პრობლემის აღმოფხვრის გზა და საშუალება, გამოსავალი განათლების ზრდასა და მენტალიტეტის ცვლილებაშია. მენტალიტეტის ცვლილებას უზარმაზარი დრო სჭირდება, თუმცა თუ განათლები სისტემა უფრო დახვეწილი იქნება, ნელ-ნელა მიზნამდეც მივალთ.
_ აშშ-ს მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის $95-მილიონიანი დახმარების შეჩერება თქვენს ორგანიზაციას თუ შეეხო და ამ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას როგორ შეძლებთ?
_ ჩვენც შეგვეხო, თუმცა ნაწილობრივ. ჩვენ გვქონდა პროექტები, რომლებიც პოლიციელებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებდა. ჩვენი ორგანიზაციის წარომადგენლები, ატარებდნენ ტრენინგებს, სადაც პოლიციელებს სიახლეებს და სხვადასხვა ინფორმაციას აცნობდნენ და ამით კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებოდნენ. ამიერიდან ამერიკული მხარე ამ პროექტებს აღარ დააფინანსებს, რადგან პოლიციელების მომზადება სახელმწიფოს მოვალეობაა. პირდაპირ გვითხრეს, იმ პროექტებს, სადაც ჩართული იქნებით სახელმწიფო სტრუქტურების თუ საჯარო მოხელეების გაძლიერებაში, ვერ დაგიფინანსებთო. ჩვენთან ეს საკმაოდ მოცულობითი პროექტები იყო, შესაბამისად, რაღაცეები შეგვეხო და შეგვეხება.
_ თქვენი ორგანიზაციის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი და უფასო სამართლებრივი მხარდაჭერა უამრავი ძალადობის მსხვერპლისთვის უკანასკნელი იმედია. ამ ადამიანებს რა ელით?
_ ეს ადამიანები ჩვენს დახმარებას ძველებურად მიიღებენ, თუმცა, პოლიციელების ტრენინგების თვალსაზრისით, ახლა სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს მუშაობა. ჩვენი მთავარი დამფინანსებელი შვედური ორგანიზაცია იყო, რომელიც საქართველოდან წავიდა და ამ თვალსაზრისით, დაფინანსება საკმაოდ შეგვიმცირდა, მაგრამ გვაქვს სხვა წყაროები და სახელმწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმი - როდესაც სახელმწიფოს ჩვენი თავშესაფრის დედებისა და ბავშვებისთვის გამოყენება სჭრდება, ამ მემორანდუმის საფუძველზე მმათი ჩვენთან განთავსება ხდება, რაშიც სახელმწიფო გარკვეულ ვაუჩერებს იხდის. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს მცირე საწარმო, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად შეიქმნა. თუ თავშესაფარში მყოფ ქალებს ამის სურვილი აქვთ, გარკვეული სპეციალობის დაუფლება, საწარმოში დასაქმება და შემოსავალის მიღება შეუძლიათ. ქალები აქ ეუფლებიან სპეციალობებს, რომლებიც მათ თავშესაფრის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში ეხმარებათ.
ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურებით მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხია წამოწეული. თუნდაც 2006 წელს მიღებული კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, დამცავი და შემაკავებელი ორდერები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საქმეში. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ძალადობის შემთხვევები და მკვლელობები კანონის მიღების შემდეგაც ხდება..
_ კი, მაგრამ იყო წლები, როცა მეტი ხდებოდა..
_ სამწუხაროდ, მკვლელობები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ადამიანს იმიტომ კლავენ, რომ ქალია, მამაკაცის პარტნიორია და ის მამაკაცი რაღაცით უკმაყოფილოა. ეს არ უნდა ხდებდეს. კანონი ძალადობას მთლიანად ვერ აღმოფხვრის, მაგრამ რაღაცეებს მოაწესრიგებს. მთავარია, ადამიანების შეგნებამდე მივიდეს, რომ მეორე ადამიანის ცემისა და სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს. შედეგი რა თქმა უნდა გვაქვს, რადგან ძალიან დიდი შრომა ჩაიდო და ცნობიერება ჩაკეტილ თემებშიც კი საკმაოდ ამაღლდა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალადობის ფაქტები ჯერჯერობით, ისევ ხდება..
- რას ურჩევდით იმ ქალებს, რომლებიც ოჯახის შენარჩუნებისთვის მზად არიან ფიზიკური შეურაცხყოფა და დამცირება აიტანონ?
_ მესმის, რომ ძალიან ძნელია, მაგრამ ქალმა უნდა იცოდეს სად გაავლოს ზღვარი, რომ ერთხელ, ორჯერ და ათჯერ პატიებით უარესი ძალადობის მსხვერპლი არ გახდეს. ჩემი აზრით, ერთი და იგივე ქმედების მუდმივად პატიება დაუშვებელია, იმიტომ, რომ შედეგს არ იძლევა. ადამიანი, რომელსაც მოძალადის მენტალიტეტი აქვს და არც ცდილობს, რომ შეიცვალოს, არასოდეს შეიცვლება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ არსებობს მოძალადეთა დახმარების პროგრამები და სტრატეგიები და ამ მიმართულებითაც საქმე ნელ-ნელა წინ მიიწევს. სურვილის შემთხვევაში მოძალადეებს ფსიქოლოგები ეხმარებიან, მაგრამ ადამიანი თვითონაც უნდა ცდილობდეს, რომ საკუთარ თავში პრობლემა დაინახოს და მისი გამოსწორება სცადოს. აღიარება გამოსწორებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. თუ მოძალადე პრობლემას არ აღიარებს, მისი გამოსწორება შეუძლებელია.