საფრანგეთში კაცმა აღიარა, რომ ცოლს 10 წელი ნარკოტიკით აძინებდა და სხვებს აუპატიურებინებდა
საფრანგეთის ქალაქ ავინიონის სასამართლოში 71 წლის დომინიკ პელიკომ აღიარა, რომ 10 წლის განმავლობაში თავის ცოლს, ჟიზელ პელიკოს ნარკოტიკებით აძინებდა, აუპატიურებდა და ათობით სხვა კაცსაც აუპატიურებინებდა. მისივე თქმით, სხვა 50-ივე ბრალდებულიც დამნაშავეა და იცოდნენ, რომ პელიკო სქესობრივ კონტაქტზე თანახმა არ ყოფილა.
"მე გამაუპატიურებელი ვარ, ისევე, როგორც სხვები ამ ოთახში. მათ ყველამ იცოდნენ, საპირისპიროს ვერ იტყვიან". - თქვა პელიკომ.
დანაშაული ძირითადად სოფელ მაზანში ხდებოდა.
სხვა ბრალდებულებს შორის დანაშაულს მხოლოდ 15 აღიარებს, დანარჩენები კი ამბობენ, რომ მხოლოდ სქესობრივ აქტში იღებდნენ მონაწილეობას და ეგონათ, რომ ცოლი ამაზე თანახმა იყო.
დომინიკ პელიკომ სასამართლოში თქვა, რომ მისი ყოფილი ცოლი არასდროს არ სძულდა, ურთიერთობით ბედნიერი იყო, ძალიან უყვარდა და ახლაც უყვარს.
"ის ამას არ იმსახურებდა. [...] მისით ძალიან ბედნიერი ვიყავი. [...] ვგიჟდებოდი მასზე, ძალიან მიყვარდა და ახლაც ასეა. [...] 40 წლის განმავლობაში კარგად, 10 წლის განმავლობაში კი ცუდად მიყვარდა". - თქვა დომინიკ პელიკომ.
პელიკოს თქმით, ცოლის ნარკოტიკით დაძინებისა და გაუპატიურების იდეა 2010 წელს გაუჩნდა, როცა ინტერნეტში კაცი ექთანი გაიცნო, რომელმაც ეს იდეა შესთავაზა და ინსტრუქციები მიაწოდა.
ჟიზელ პელიკომ თავისი ყოფილი ქმრის აღიარების მოსმენის შემდეგ თქვა, რომ მას სრულად ენდობოდა და ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი რამის გაკეთება შეეძლო.
"ჩემთვის ამის მოსმენა რთულია. 50 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი კაცთან, ვისზეც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამის გაკეთება შეეძლო. ბოლომდე ვენდობოდი". - თქვა ჟიზელ პელიკომ.
ნარკოტიკის მიღებისა და სექსუალური ძალადობის გამო ჟიზელს თმის ცვენა დაეწყო, წონაში დაიკლო და მეხსიერების პრობლემები აწუხებდა, რის გამოც ღელავდა, რომ ალცჰაიმერის ან ტვინის სიმსივნე უვითარდებოდა.
მიუხედავად სამედიცინო სიმპტომებისა, დომინიკის ქმედებების შესახებ ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ის 2020 წელს მაღაზიაში უცნობი ქალებისთვის მოკლე კაბის ქვემოდან ფოტოების გადაღებისას გამოიჭირეს. პოლიციამ მისი კომპიუტერი გაჩხრიკა და ათასობით ვიდეო და ფოტო აღმოაჩინა, რომლებიც ჟიზელ პელიკოს გაუპატიურებას ასახავს.
სამართალდამცავების მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ ქალი ჯამში 83-მა მამაკაცმა გააუპატიურა, თუმცა პოლიციამ მხოლოდ 50-ის ამოცნობა შეძლო.
დომენიკ პელიკოს ბრალად ასევე თავისი შვილის გაუპატიურება ედება, რადგან პოლიციამ მის კომპიუტერში მისი მძინარე ნახევრად შიშველი შვილის ფოტოებიც აღმოაჩინა. თუმცა, თავად ბრალდებული ამას უარყოფს და ამატებს, რომ არც შვილისთვის და არც შვილიშვილებისთვის არაფერი დაუშავებია.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში შეიძლებოდა წარმართულიყო, თუმცა ჟიზელ პელიკომ გადაწყვიტა, რომ საქმე გაესაჯაროებინა, რათა სხვა მსხვერპლებს თავი მარტოდ არ ეგრძნოთ. მისი იურისტთა გუნდის თქმით, ეს „სირცხვილს“ ბრალდებულზე გადაიტანდა.