ბოლო პერიოდში უყურადღებობის შედეგად ღიად დატოვებული გაზქურის ონკანები გვხვდება - „თბილისი ენერჯი“
წელს CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანია გარდაცვლილი, - ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძემ CO-თი ინტოქსიკაციის შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირაში“ განმარტა, განვლილი წლებში მომხდარი უბედური შემთხვევების 90-95% ნაქირავებ, ან ნაგირავებ ბინებში ხდებოდა, 5-10% კი იმ ბინებში, რომლებიც მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში გააჩნდათ.
„გასულ წლებში, შემოწმების შედეგად უამრავი ე.წ. ღია წვის კამერიანი დანადგარი გვხდებოდა, როგორიცაა წყალგამაცხელებელი, გამათბობელი. ჩვენმა მუშაობამ, პიარკამპანიამ ის შედეგი გამოიღო, რომ უბედური შემთხვევები რადიკალურადაა შემცირებული. თავად მოქალაქეებიც აგვყვნენ, გვერდში დაგვიდგნენ.
თუ 2017-2019 წლებში, ერთ კალენდარულ წელიწადში 20-25 ადამიანის გარდაცვალება ხდებოდა, არასრულ 2024 წელს, ასევე 2023-შიც მცირდება და მცირდება.
წელს CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანია გარდაცვლილი. ეს გარდაცვალება კომერციულ ფართში მოხდა, ე.წ. ქართულ თონეში, სადაც მისვლის დროს თვითნებურად, კუსტარულად დამონტაჟებული თონის დანადგარი დაგვხვდა.
ბოლო პერიოდში უყურადღებობის შედეგად ღიად დატოვებული გაზქურის ონკანები გვხვდება. ბოლო 1 თვეში მსგავსი 5 შემთხვევა იყო. ჩვენს საავარიოს 5 შემთხვევა დახვდა, როდესაც მობინადრე წასული იყო და გაზქურის ონკანი ღია ჰქონდა დატოვებული, გაზი გამოდიოდა.... რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს და გამოგვიძახეს, შესაძლოა, დიდი უბედურება დატრიალებულიყო, აფეთქება მომხდარიყო”, - განაცხადა ლეფსვერიძემ.
ამასთან, მოუწოდა მოქალაქეებს, დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე: 240 – 40 -04, რომელიც კვირაში 7 დღეს, 24 საათს მუშაობს, რათა მის მფლობელობაში არსებული გაზის ქსელის და დანადგარების შემოწმება მოითხოვოს.