პარკირების ჯარიმებმა შეიძლება პური გააძვიროს - დისტრიბუცია ერთ თვეში 23 ათასით დაჯარიმდა
სადისტრიბუციო ბიზნესი პარკირების გაზრდილ ჯარიმებზე ჩივის. რითეილ თუ ჰორეკა სექტორის პროდუქციით მომარაგება ზოგიერთ სადისტრიბუციო კომპანიას რამდენიმე ათეული ათასი ლარის ჯარიმის ხარჯზე უწევს. იმის გამო, რომ ქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოყოფილი ძალიან ცოტა ადგილია, უმეტესად მათ ტროტუარებზე ან ბასლაინებში გაჩერება უწევთ.
პარკირების ჯარიმების გამო ჩივის პურის სადისტრიბუციო ბიზნესიც. საპარკინგე ადგილების არარსებობის პირობებში ქვეყნის ორ ყველაზე მსხვილ პურის მწარმოებელ კომპანიას თვეში 20 ათას ლარზე მეტი ჯარიმა დაუგროვდა. როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ბიზნესი იძულებულია გაზრდილი ხარჯები პურის ფასში ასახონ.
“ეს არ არის წვრილმანი პრობლემა. მესმის, რომ ქალაქში უნდა მოწესრიგდეს დისტრიბუცია/მიწოდება, ქალაქი გადაიტვირთა, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება სადისტრიბუციო მანქანებზე ჯარიმების წერით ვერ მოგვარდება. პრობლემა მართლაც არის. მაგალითად, იფქლი დიღომს დაახლოებით 23 ათასი ლარის ჯარიმა აქვს ერთ თვეში დაწერილი, ეს ხომ პროდუქციის თვითღირებულებას დააწვება. ასევე იფქლი გლდანი, ისიც დიდი წარმოებაა, იქ კიდევ უფრო მეტია, 25 ათას ლარს ასცდა ჯარიმების რაოდენობა.
ეს გარკვეულწილად დისტრიბუტორების ხელფასებზე აისახება, ქარხნის პროდუქციის თვითღირებულებაზე და ამან გამოიწვია დიდი უსიამოვნებაა. სამჯერ დააჯარიმო დისტრიბუცია იმის გამო, რომ პური მიიტანა და კეთილის საქმე გააკეთა, უბრალოდ ამაზე უნდა იფიქროს ვიღაცამ“,-აცხადებს მალხაზ დოლიძე.
იმას, რაზედაც მალხაზ დოლიძე საუბრობს, ადასტურებს პურის საწარმო "იფქლი დიღომის" გენერალური დირექტორიც. ნისან ისოებაშვილის თქმით, ბიზნესი იძულებულია ხარჯები პურის ფასში გაითვალისწინოს.
„5 წუთი რომ გააჩერო არ არის ადგილი, სულ არის ამკრძალავი ნიშნები ჩამოკიდებული. ჯარიმები, რაც იწერება, აისახება პურის ფასზე.
ჯარიმები არის 200, 100, 50 ლარი. სხვა კომპანიები თუ 15 ათასის ჯარიმაზე ადიან, მათ ჰყავთ პირობითად 50 სადისტრიბუციო მანქანა, ჩვენთან რომ არის 200 მანქანა, ჩვენ ავდივართ 20 ათასზე და მეტზე”,- აცხადებს ნისან იოსებაშვილი.
წყარო: bm.ge