თეგებით ძიება
25. 09. 2024 კულტურა

დანიაში ქართული კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, ქართული კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატა მენაბდე, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ევროპელი სტუმრები ესწრებოდნენ.

პირველივე დღეს „დეტ ნი თეატრიში“ გაიმართა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი. კონცერტის შემდეგ თეატრის ფოიეში გაიმართა გიორგი სისაურის კალიგრაფიული ხელოვნების მასტერკლასი, რომელმაც ევროპელი სტუმრების დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.

კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდება.

ღონისძიებების პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას, კერძოდ, ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტის გარდა, გაიმართება ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი; გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით წარადგენენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების დანიურ თარგმანს; ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოადგენს უილიამ შექსპირის „ოტელოს“; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკასთან პარტნიორობით გამართავს ქართული კინოფილმების ჩვენებას.

ქართული კულტურის დღეები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას, ევროპელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.

შეგახსენებთ: 2023 წელს 4 მაისიდან 20 აგვისტომდე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დაინტერესებულმა საზოგადოებამ ფიროსმანის 48 ნამუშევარი ნახა. ეს იყო პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად იქნა წარმოდგენილი. ლუიზიანას მუზეუმის დირექტორის, პოლ ერიკ ტოინერის, თქმით, ფიროსმანის გამოფენას 260 000 დამთვალიერებელი ეწვია და სტუმართა ამ რაოდენობამ ყველას მოლოდინს გადააჭარბა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა