ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების თითქმის მეოთხედს გრძელვადიან პერსპექტივაში სამშობლოში დაბრუნება არ სურს - მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი
ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების თითქმის მეოთხედს გრძელვადიან პერსპექტივაში სამშობლოში დაბრუნება არ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი ავრცელებს, რომელიც 2024 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის ანალიზს ეყრდნობა.
„უკრაინელი ლტოლვილების დაახლოებით 35 პროცენტს სურს უკრაინაში დაბრუნება, როგორც კი იქ კვლავ უსაფრთხო გარემო იქნება“, – აცხადებს პანუ პოუტვაარამო, მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მიგრაციის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.
უკრაინაში მომავალში დაბრუნებას, უსაფრთხოების სიტუაციის მიუხედავად, გამოკითხულთა 4% გეგმავს. 11%-ზე ოდნავ ნაკლები უკვე დაბრუნდა უკრაინაში, ხოლო კიდევ 25%-ს გადაწყვეტილება არ მიუღია.
„რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი თავის აგრესიულ ომს უკრაინაში, მით უფრო მეტი ადამიანი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, საკუთარ მომავალს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნას უკავშირებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორთა თქმით, გაქცევის შემდეგ მალევე უკრაინელების მხოლოდ 10 პროცენტმა განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის ფარგლებს გარეთ დასახლდებიან. 2023 წლის ბოლოსთვის ეს წილი გაიზარდა საშუალოდ 1.6 პროცენტული პუნქტით ყოველ 100 დღეში.
ამასთან, ომის დაწყებისთანავე ლტოლვილების თითქმის 60 პროცენტ სურდა უკრაინაში დაბრუნება, დროთა განმავლობაში ეს წილი მკვეთრად შემცირდა – საშუალოდ 4.7 პროცენტული პუნქტით ყოველ 100 დღეში. ერთი წლის განმავლობაში შრომისუნარიანი ასაკის უკრაინელების წილი, რომლებმაც სამუშაო იპოვეს გერმანიაში, გაიზარდა 6 პროცენტული პუნქტით – 23-დან 29 პროცენტამდე.
სექტემბრის ბოლოს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიაში, სამთავრობო პროგრამის წყალობით, რომელიც ითვალისწინებს ლტოლვილთა დაჩქარებულ და გამარტივებულ დასაქმებას, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით სამსახურში უკვე მოეწყო 266 000 უკრაინელი, რაც გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 71 000-ით მეტია.