"ინსპექტორის ანაზღაურება 2000 ლარია, მაგრამ ესეც არაა საკმარისი“ - ავტომობილების ტექინსპექტირების ფასი შესაძლოა, გაიზარდოს
"ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ფასის ზრდა დღის წესრიგში დგას,“ - ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრის შპს "გივა-ს“ დირექტორმა, გიორგი კენჭაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით, მათთან ინსპექტირების საფასური მოიმატებს.
"მომართვიანობა გაზრდილია, რადგან მატულობს სატრანსპორტო საშუალებები. ამის გამო საჭიროა ინსპექტორების რაოდენობის გაზრდაც. რაც მეტი ავტომობილის შემოწმება ხდება, მით მეტად ცვეთადი ხდება ეს დანადგარები, რომლებიც ძალიან ძვირადღირებულია. მცირე დეტალების შეცვლა რამდენიმე დღის წინ 80 ათასი ლარი დაგვიჯდა.
გაიზარდა ელექტროენერგიის, საწვავის ფასი, ასევე თანამშრომლების ხელფასი.. ინსპექტორების ხელფასი 2 000 ლარია, მაგრამ დღეს ესეც არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ კადრები დავაკავოთ, შესაბამისი ანაზღაურებაც გვჭირდება. ამიტომ საჭიროა, გარკვეული რაოდენობით ტექინსპექტირების საფასურიც გავზარდოთ,“ - განაცხადა გიორგი ჭიკაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტექინსპექტირების ცენტრები უკვე თვეებია საუბრობენ ფასის ზრდის საჭიროებაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსულტაციებიც დაწყებულია. მათი ცნობით, ტექდათვალიერების საფასურის გადახედვა 5 წელია არ მომხდარა, ეს მაშინ, როდესაც პერსონალის გადინების მაჩვენებელი არის კატასტროფულად მაღალი. ცნობისთვის, საუბარია, რომ ტექინსპექტირება შესაძლოა, 30 ლარით გაძვირდეს. შესაბამისად, თუ მთავრობა საფასურის ზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერების საფასური დღეს არსებული 60 ლარის ნაცვლად 90 ლარამდე გაიზრდება.
ფასის ცვლილების საჭიროების გარდა, შპს „გივა-ს“ დირექტორმა გიორგი კენჭაძემ ტექინსპექტირების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიესალმება ზედამხედველობის გამკაცრებას, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება.
"რეფორმა ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა, გამოწვევები გვაქვს. ახალი წლიდან ახალი რეფორმები შემოდის, რომელიც გაამკაცრებს ტექინსპექტირების ზედამხედველობას. ცვლილებებს მივესალმები, რადგან ერთნაირი მიდგომებია საჭირო. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, სიტუაციაც გაუმჯობესდება და რეფორმაც წარმატებული იქნება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება და სახელმწიფოც ცდილობს რეფორმა მივიდეს იქამდე, რისთვისაც ის შეიქმნა,“ - აღნიშნა ჭიკაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ჯარიმები წესდება.
უფრო კონკრეტულად, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების შემოწმებისას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრმა ხარვეზები არ დააფიქსირა, სახიფათო დარღვევის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, მნიშვნელოვანი - 2000 ლარით, უმნიშვნელო - 500 ლარით. აღნიშნულის მონიტორინგი კი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალება.