„დღეს 200 მილიონი ლარი იგებს არჩევნებს საქართველოში“ - გოგა ჩანადირი
ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
ცესკოს მონაცემებით 4 დიდ ქალაქში ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს ოპოზიციას -
თბილისი
ბათუმი
რუსთავი
ქუთაისი
დანარჩენში "ოცნებას" აქვს უკეთესი შედეგი, მათ შორის იმ ადმინისტრაციულ ნაწილში, სადაც ეს ქალაქები მდებარეობს - აჭარაში, ქვემო ქართლში, იმერეთში.
ოპოზიცია შესაბამისად არ მუშაობს ქალაქებს გარეთ. ძირითადად იმიტომ, რომ ამისთვის შესაძლებლობები არ ჰყოფნის.
ასევე, ოპოზიცია ეთნიკური უმცირესობების ხმებს ვერასოდეს აგროვებს, რაც იმაზეც მიუთითებს, რომ ის მათთან არ მუშაობს, არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიებს, არ აგზავნის დამკვირვებლებს და ასე შემდეგ.
ეთნიკურ უმცირესობებში ჯერ კიდევ არის სახელმწიფო ენის პრობლემა და სწორედ ამაზე ვწერდი ცოტა ხნის წინათ, რომ არც ერთ საარჩევნო პროგრამაში ეს საკითხი არ არის შეტანილი.
ამ ხალხის სახელმწიფოს ცხოვრებაში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია ასაკობრივი ფაქტორი - სოციალურ დაპირებებს, ჯანდაცვის პროგრამებსა და პენსიების ზრდას ხმას აძლევენ 60 წელს გადაცილებულები, რაც ამომრჩეველთა 30 პროცენტზე მეტია.
ამ კუთხით ყოველთვის უკეთესი შედეგები მმართველ ძალებს ჰქონდათ, რადგან სწორედ მათ სოციალურ პოლიტიკას საკუთარ თავზე გრძობდნენ ამ ჯგუფის ამომრჩევლები დროდადრო პენსიის ზრდისა და მკურნალობის დაფინანსების სახით.
ცოტა გაუგებარია, რომ ემიგრანტთა დიდი ნაწილი რაიონებიდან წავიდა, მაგრამ სწორედ რაიონებში აქვს "ოცნებას" უფრო მაღალი მონაცემები.
ანუ, რა გამოდის? - ჩემი მეუღლე ან შვილი კი გაიქცა უცხოეთში ფულის საშოვნელად, რადგან აქ შესაბამისი პირობები არ არის, მაგრამ ხმას მაინც ხელისუფლებას მივცემო.
არადა, ამდროს ემიგრანტებმა უარი უთხრეს ხელისუფლებას სწორედ იმ პირობების შექმნის გამო, რამაც მათ უცხოეთში წასვლა აიძულა.
არჩევნების შედეგები ერთგვარი დიაგნოზიც არის. სად და ვისთან რა ინტერესები და მოთხოვნებია, საკმარისად ჩანს იმისთვის, რომ დასკვნები გამოიტანო და მომდევნო არჩევნებში იმოქმედო.
ერთი რამ ნათელია - ყოველ მომდევნო არჩევნებზე პროევროპული ოპოზიცია უფრო მეტ ხმას აიღებს ახალი საარჩევნო თაობების გამო.
ყოველ 4 წელიწადში დაახლოებით 200 ათასი ხმით იცვლება საარჩევნო გარემო - შემოდის ახალი ხმა და მიდის ძველი.
სწორედ ახალი თაობები მკვეთრად შეცვლიან პოლიტიკურ გარემოსა და საარჩევნო შედეგებს, რადგან ისინი თავისუფალნი არიან საბჭოთა და რუსული მენტალიტეტისგან, ისინი არ უშინდებიან ომით დაშინების პროპაგანდას და ისინი ევროპისკენ მიისწრაფიან და უფრო მეტად მიიჩნევენ საკუთარ თავს სახელმწიფოს ნაწილად.
ანუ, მალე დღევანდელი შვილები გადაწყვეტენ არჩევნების შედეგებს.
დაბოლოს, ვიდრე არჩევნების კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია, ჯერ კიდევ დაბალია დემოკრატიის ხარისხი, თავისუფალი ნების გამოხატვა და შედეგების ნდობა-აღიარება, მთავარ როლს ფული ასრულებს. დღეს 200 მილიონი ლარი იგებს არჩევნებს საქართველოში - წერს ჩაბადირი.