თეგებით ძიება

წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით, ეკლესია წარმოგვიდგენს მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ბოლომდე ვუერთგულოთ მაცხოვარს" - მეუფე შიო

წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს მათ მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ჩვენც ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენს მაცხოვარს და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ძველი დროის წმინდა მოწამეთა ღვაწლი სათუთად ინახება ეკლესიის მეხსიერებაში და ეს ღვაწლი დღემდე არ დადუმებულა, "ძველი დროის მოწამეები შთააგონებდნენ შემდგომი თაობების მოწამეებს და არა მხოლოდ მოწამეებს, არამედ სხვა სასულიერო თუ საერო მოღვაწეებს, რომ დევნა-შევიწროების პირობებში ეღვაწათ და ისინი მზად იყვნენ, ყველაფერი დაეთმინათ სარწმუნოების გადარჩენისთვის".

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ, დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას და მოლოცვას.

დღევანდელი დღე არის განსაკუთრებით ამაღლებული ჩვენი ერისთვის; ჩვენ ვიხსენიებთ ასი ათას ქართველ მოწამეს, რომლებმაც უარი თქვეს ხატების შეურაცხყოფაზე და ამას სიკვდილი ამჯობინეს. ამას დამპყრობელი აიძულებდა ჩვენს ხალხს, მათ კი სიკვდილი ამჯობინეს, რისთვისაც მათ თავებს სჭრიდნენ და გვამებს მდინარეში ყრიდნენ. მდინარე იყო წითელი მათი სისხლისგან.

და აი, დღეს განსაკუთრებით ამაღლებული განწყობა გვაქვს, რადგან მოწამეთა ხსენება ეკლესიაში ყოველთვის არის სულის ზეიმი და დღესასწაული. ისინი იტანჯნენ და ჩვენ ვხარობთ, ისინი იღვწოდნენ და ჩვენ ვზეიმობთ და ვდღესასწაულობთ. მათ მიიღეს გვირგვინები და დიდება მათი საერთოა, იმიტომ რომ მათი დიდება - ეს არის მთელი ეკლესიის დიდება. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, ჩვენ ყველა ერთად ვართ ქრისტეს სხეული და ცალ-ცალკე - ასონი მისნი, ასონი ქრისტესნი; როდესაც ერთი რომელიმე ასო ევნება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება; და როდესაც ერთი რომელიმე ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს (1 კორ. 12, 26-27). ამას ბრძანებს წმინდა პავლე მოციქული, ეს არის ჩვენი ეკლესიის სწავლება.

მოწამეები არიან მშვენება ეკლესიისა, მათი ღვაწლი - ეს არის საუკეთესო ქადაგება მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეზე. რატომ ეწოდებათ მათ მოწამეები? - იმიტომ, რომ მათ თავიანთი სიმამაცით, გამბედაობით, ქრისტესადმი ერთგულებითა და მზაობით, რომ დაითმინონ საშინელი სიკვდილი, მოწმობდნენ თავიანთი რწმენის ძალას და ქრისტიანობის ჭეშმარიტებას. ისინი თავიანთი ტანჯვით მოწმობდნენ იმას, რომ სიკვდილს არანაირი ძალაუფლება აღარ აქვს; რომ ჩვენ ქრისტეში ვართ დღეს და უკვე ამ მიწიურ ცხოვრებაში გვეძლევა მარადიული სიცოცხლე ეკლესიური ცხოვრებით, ეკლესიის წევრობით, საეკლესიო საიდუმლოებების ზიარებით, წმინდა ზიარების მიღებით ჩვენ ვხდებით თანაზიარნი და მონაწილენი მარადიული ცხოვრებისა.

წმინდა მოწამეები მიდიოდნენ ამ საშინელ სიკვდილზე არა მხოლოდ უდრტვინველად, არამედ სიხარულითაც. ისინი ხარობდნენ, რომ მათ ეძლეოდათ საშუალება, მათ შეეძლოთ, დაემტკიცებინათ და დაემოწმებინათ თავიანთი ერთგულება, რწმენა და სიყვარული უფლისადმი.

ძველი დროის წმინდა მოწამეთა ღვაწლი სათუთად ინახება ეკლესიის მეხსიერებაში და ეს ღვაწლი დღემდე არ დადუმებულა, ძველი დროის მოწამეები შთააგონებდნენ შემდგომი თაობების მოწამეებს და არა მხოლოდ მოწამეებს, არამედ სხვა სასულიერო თუ საერო მოღვაწეებს, რომ დევნა-შევიწროების პირობებში ეღვაწათ და ისინი მზად იყვნენ, ყველაფერი დაეთმინათ სარწმუნოების გადარჩენისთვის. აი, სწორედ ამ თავგანწირვის შედეგად ჩვენმა წინაპრებმა გადაარჩინეს ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი ეროვნული ღირებულებები; და დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს მათ მაგალითს, რომ მათი ღვაწლით შთაგონებულებმა ჩვენც ბოლომდე ვუერთგულოთ ჩვენს მაცხოვარს და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას, ჩვენს ცხოვრებაშიც აღსრულდეს ის, რისკენაც ასე ამაღლებულად მოგვიწოდებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოცხადების წიგნში, სადაც იგი ამბობს: „სიკვდილამდე ერთგული იყავი და მე მოგცემ ცხოვრების გვირგვინს” (გამოცხ. 2,10). და აი, წმინდა მოწამეები სიკვდილამდე ერთგულნი იყვნენ და მიიღეს ეს გვირგვინი სიცოცხლისა, რომელიც განუმზადა უფალმა თავის მოყვარულთ.

შეგვეწიოს უფალი, რომ ჩვენც შევძლოთ მივყვეთ მათ წმინდა და დიდებულ მაგალითს და გავხდეთ მათი მემკვიდრეები, სულიერი მემკვიდრეები რწმენასა და ქრისტესადმი სიყვარულში.

ინებოს უფალმა, რომ ჩვენ გავხდეთ მათი მემკვიდრეები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებას. ჩვენ გვწამს, რომ დღეს ისინი ჩვენთან ერთად ლოცულობენ საქართველოსთვის; წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მათი ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ",- განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა