უწოდე ავადმყოფობას ავადმყოფობა და ავადმყოფობა გაგეცლება შენ - რას გვირჩევს მამა გიორგი სხირტლაძე?
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე ჟურნალ „კარიბჭესთან“ ინტერვიუში ავადმყოფობის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ავადმყოფობა ადამიანებს სინანულისთვის, ღვთისგან ეძლევათ, რადგან ღვთის ხელშია ყველაფერი - ჯანმრთელობა, ავადმყოფობა, სიმდიდრე, სიღატაკე და სხვა.
„ღვთის ხელშია ყველაფერი თუნდაც ჯანმრთელობა, ავადმყოფობა, სიმდიდრე, სიღატაკე, სილამაზე ან კიდევ დაუშვათ ადამიანის რაიმე ნაკლი. განსაკუთრებით სულიერი ჯანმრთელობა და შედეგად ფიზიკური ჯანმრთელობა. ავადმყოფობაც, ადამიანის ცოდვებიდან გამომდინარე. ღმერთს ბოროტება არ შეუქმნია, ღმერთმა ყოველივე კეთილად შექმნა. ღმერთმა ადამიანის ბუნება კეთილად შექმნა, მაგრამ გადაგვარება ამ ბუნებისა ანუ მისთვის ღვთის ხატად და მსგავსად მიცემული თავისუფალი ნების არასწორი, არა ღვთისთვის, სადიდებლად და სულის სახცოვნებლად გამოყენებული თავისუფალი ნება, ხშირად იწვევს გამრუდებებს, დესტრუქციას, არასწორ სულიერ არჩევანს, არასწორ რეალიზაციას თავისუფალი ნებისა, რის შედეგადაც ხშირად ადამიანი მიდის განსაცდელამდე. სხეულებრივი ავადმყოფობის განსაცდელი, ხილული თუ უხილავი თავდასხმების განსაცდელი, მტრებისაგან ბრძოლა, თუნდაც რაიმე დიკონფორტი, შფოთი, უმიზეზო შიში, განგაშის გრძნობა, ძრწოლა, ნევროზული მდგომარეობები და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთი ყველა ადამიანს ცოდვის ჩადენის შემდეგ აძლევს საშუალებას სინანულისა, მაგრამ თუ ადამიანი არ მიდის სინანულამდე, იგი განსაცდელების მსხვერპლი ხდება და მას განსაცდელები ევლინება, ხშირად ავადმყოფობებიც.
ადამიანს ავადმყოფობა ეძლევა სინანულისათვის. ძალიან ცუდია, როცა ადამიანი მოულოდნელად მიდის ამქვეყნიდან. წმინდა მამები ამბობენ: კარგია ადამიანისთვის თუ იგი ავადმყოფობებს იტირებს, ცოდვებს მოინანიებს, იწუხებს, ტკივილს განიცდის, შემდეგ დამშვიდდება, დაწყნარდება, გაანალიზებს თავის ცხოვრებას და შეგნებულად გარდაიცვლება. ძალიან ცუდია გარდაიცვალო ისე, როგორც ნერონი, როგორც ჰეროდე. როდესაც იგი იჯდა ტახტზე, ოქროთი და ვერცხლით შემოსილი, ხალხს როგორც ღმერთი ისე ყავდა გამხდარი. უეცრად სისხლი წამოუვიდა ყურებიდან, ცხვირიდან, პირიდან და რამდენიმე წუთში მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს არ არის ქრისტიანული აღსასრული. ნებისმიერი ადამიანისთვის ავადმყოფობა სასჯელად აღიქმება და არასასურველ დისკომფორტად და სულიერ, ფიზიკურ შემაწუხებელ ფაქტორად. მეტაფიზიკურად, გლობალურად რომ გადავხედოთ, ეს ტანჯვანი ადამიანს ეძლევა იმის გამო, რომ მისი სული, სამშვინველი და სხეული განიწმინდოს. თუმცა კი ისიც შეიძლება, ავადმყოფობა იმიტომ დაემართოს ადამიანს, რომ სასწაულებრივად განიკურნოს ანუ მასზე ღვთის ნება, ღვთის განგებულება სასწაულებრივად აღსრულდეს და იმ სულიერი თუ ფიზიკური, ფსიქოლოგიური დისკომფორტისაგან და ზიანისაგან მიიღოს სულიერი ღვთაებრივი განკურნება და სხვებისთვის ეს რწმენაში გამაძლიერებელი ფაქტორი იყოს, რომელსაც შეუძლია ბევრი ადამიანი მოაქციოს. ღვთის განგებულებანი და გზები აურაცხელია და გამოუკვლეველია.
ავადმყოფობა ერთდროულად შეიძლება ცოდვის შედეგიც იყოს, შეიძლება ღვთის მიერ ადამიანის მოქცევის მცდელობაც. ასევე მისი განკურნება სხვებისათვის მაგალითი და სასწაულებრივი გამოვლინება ღვთისა და საოცარი მამოძრავებელი ძალა იყოს რწმენაში გაძლიერებისათვის.
- ეკლესიის გაერთ მყოფი ადამიანები შეიძლება სხვანაირად აღიქვამენ მოწეულ ავადმყოფობებს...
- სრულიად ურწმუნო ადამიანი განსხვავდება მცირედმორწმუნისაგანაც კი. მისი მსოფლმხედველობა და მსოფლაღქმა, მსოფლშეგრძნება, სრულიად განსხვავებულია და რეალობას მოწყვეტილია. ის რაც ურწმუნო ადამიანისთვის საამაყო და მისაბაძია, მორწმუნისთვის ის დაღუპვა, სირცხვილი და წარსაწყმედელი შეიძლება იყოს ან პირიქით, ის რაც მორწმუნისთვის სასიხარულო, სათნო და მისაბაძია, ურწმუნოსთვის დამამცირებელიც და საერთოდ უარსაყოფიც იყოს. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ქრისტეს მცნებები ურწმუნოს საერთოდ არ ესმის, მორწმუნესთვის კიდევ ცოცხალი ცოდნაა, რომელსაც იგი იყენებს თავის ცხოვრებაში. ცოდნა ის არის, რაც მას როგორც ძალა ისე ეძლევა ცხოვრებაში, როგორც ამ ცოდნის გამოყენების რეალური შესაძლებლობა. ჩვენთვის მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა არა აქვს სახარებისეულ სიბრძნეს. ურწმუნო ადამიანისთვის ქარი შეიძლება ნიშნავდეს ჰაერის მასების გადაადგილებას, მორწმუნე ადამიანისთვის გრიგალი და ხეების ძირფესვიანი ამოთხრა ან სტიქიური უბედურებანი, ნიშნავდეს სასჯელს იმ ერის ან ოჯახისთვის. ან გარკვეული ეთნოსის სასჯელის მომასწავლებლად აღვიქვათ ან გარკვეული ცოდვებისგან განწმენდას მივაწეროთ. ურწმუნო ადამიანისთვის სტიქიურ უბედურება შეიძლება წუწუნის, დრტვინვისა და მისი ცოდვებზე დაუფიქრებლობის კიდევ ერთი მიზეზი გახდეს. არადა სტიქიური უბედურობები, იგივე ავადმყოფობაა ბუნების. შემთხვევითი შემთხვევითობა არ არსებობს. არსებობს ღვთის განგებულება და არსებობს მოვლენებს შორის ანუ ჯანმრთელობასა და ავადმყოფობას შორის კავშირის მოუძებნებლობა. მოვლენებს შორის კავშირის დაუმყარებლობა და ამ კავშირის ვერ შემჩნევა და ვერ გაანალიზება. ამიტომ ის რაც ეჩვენება ურწმუნოს შემთხვევითად ან გაუგებრად, მორწმუნესთვის სავსებით კანონზომიერი და დამმოძღვრელია.