ჩინეთმა ავიაკომპანიებს აშშ-დან Boeing-ისა და მისი ნაწილების იმპორტი აუკრძალა
აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფების დაწესების საპასუხოდ, პეკინმა ჩინურ ავიაკომპანიებს დაავალა, Boeing-ისგან აღარ მიიღონ შემდგომი შეკვეთები - ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
გამოცემის ცნობით, 2025-2027 წლებში ჩინეთის TOP 3 წამყვან ავიაკომპანიას: Air China, China Eastern Airlines და China Southern Airlines, შესაბამისად, Boeing-ის 45, 53 და 81 თვითმფრინავი უნდა მიეღოთ.
Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პეკინმა ჩინურ კომპანიებს ასევე მოუწოდა, აღარ შეისყიდონ თვითმფრინავის ნაწილები და მოწყობილობები ამერიკული კომპანიებისგან.
ჩინეთის ეს გადაწყვეტილება, აკრძალოს თვითმფრინავის კომპონენტების შესყიდვა ამერიკული კომპანიებისგან, ქვეყანაში მოქმედი ფლოტის მოვლა-შენახვის ხარჯებს გაზრდის. ჩინეთის მთავრობა განიხილავს შესაძლო გზებს, Boeing-თან დაკონტრაქტებული ავიაკომპანიების დასახმარებლად.
პეკინის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ქვეყნის მიერ აშშ-სთვის საპასუხო, 125%-იანი ტარიფის დაწესება, რაც ისედაც შესამჩნევად გაზრდიდა Boeing-ის თვითმფრინავების ჩინეთში იმპორტის ხარჯებს, რის გამოც ავიაკომპანიებს ალტერნატიულ წყაროებზე, მათ შორის Airbus-სა და ადგილობრივ COMAC-ზე გადაწყობა მოუწევდათ.
აპრილის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა 180-მდე ქვეყანას საბაზისო, ე.წ. საპასუხო ტარიფები დაუწესა, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნისთვის 10%-ით, 60-მდე ქვეყნისთვის კი უფრო მაღალი პროცენტით (15%-50%) განისაზღვრა, ჩინეთის შემთხვევაში კი ეტაპობრივად 145%-ს მიაღწია. მოგვიანებით, ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, ძალაში მხოლოდ საბაზისო, 10%-იანი ტარიფები დაეტოვებინა, 60-მდე ქვეყნისთვის კი უფრო მაღალ ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა აემოქმედებინა. გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც ჩინეთი აღმოჩნდა, რომლისთვისაც 145%-იანი ტარიფი უკვე ძალაშია.