თეგებით ძიება

მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში - მთვარე კუროში

მათთვის ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიაში, კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად სახასიათო შტრიხებს მზისა (ცნობიერი) და მთვარის (ქვეცნობიერი) კონფიგურაციები აყალიბებს. ამიტომ, რაც უფრო ჰარმონიულია პიროვნების ნატალურ რუკაში მზე-მთვარის კომბინაცია (განლაგებულია ისინი ერთი და იგივე ან მონათესავე სტიქიაში), მით უფრო გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ინდივიდთან გვაქვს საქმე.

თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ მთვარის მდებარეობას ამა თუ იმ ნიშანში:
მთვარე კუროს ზოდიაქოში
თუკი ნატალური რუკის მიხედვით მთვარე კუროს ზოდიაქოში გაქვთ განლაგებული, კომფორტის მოყვარული ადამიანი იქნებით. თქვენ მატერიალისტური აზროვნება გაგაჩნიათ, ამიტომ ყოველთვის ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეიქმნათ კომფორტი და ამ კომფორტს სხვებსაც სიამოვნებით უქმნით. მთვარის ასეთი მდებარეობით დაბადებული ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეთ, ამასთან ისინი იშვიათად კმაყოფილდებიან მცირედით. კუროს ზოდიაქო მთვარის ეგზალტაციის ზონაა, ამიტომ ადამიანს, რომელსაც მთვარის მსგავსი კომბინაცია გააჩნია, ნაკლებად ახასიათებს ხასიათის ცვალებადობა და ყოყმანი. თუმცა იგი გადაწყვეტილებას მარტივად და სწრაფად არასოდეს იღებს. საამისოდ მას ხანგრძლივი ფიქრი და განსჯა ესაჭიროება. მთვარე კურო ბუნებით ძალიან ერთგული, მოსიყვარულე, მზრუნველი და რომანტიულია. თუმცა საკუთარი ემოციების გამოხატვა ხშირად ენის მოჩლექით და მჭერმეტყველური გამოსვლებით არ ეხერხება. სამაგიეროდ, საქმით შესანიშნავად ამტკიცებს საკუთარ დამოკიდებულებას საყვარელი ადამიანებისადმი.

კუროს მთვარიან ადამიანებს ძალიან კარგი მეხსიერება აქვთ. შესაძლოა მას რაღაც მომენტში ორიგინალურობა და კრეატიული ნიჭი არ ეყოს, მაგრამ ძალიან კონსერვატორულსაც ვერ ვუწოდებთ. ზოგადად მთვარის ამგვარი მდებარეობით დაბადებულ ადამიანებს უყვართ შეჩვეული გარემო, საკუთარი სახლი, საყვარელი სავარძელი, ჭიქა და ნივთები, რომელსაც დიდი ხანია იყენებს. მათში დისკომფორტს იწვევს საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა და ხშირი გადაადგილების აუცილებლობა. მით უმეტეს, თუ ეს ბავშვობის ასაკში ხდება. ასეთ შემთხვევაში მთვარით კუროს უვითარდება ე.წ. "ვენერას დაცვითი მექანიზმი" (ვენერა ხომ კუროს მფარველი პლანეტაა), რაც იმაში მდგომარეობს, რომ დისკომფორტის დასათრგუნად იგი ან უმადობას განიცდის, ან პირიქით ბულემიური სიმპტომები უვითარდება და ჭამაში პოულობს სიამოვნებას. რაც საბოლოოდ წონის პრობლემებს უქმნის მას.

მთვარით კურო სიახლეების მიმართ ფრთხილია. იგი ძნელად და ეტაპობრივად იღებს ნებისმიერი სახის ნოვაციას. აშინებს ექსპერიმენტები. ამ ადამიანს ძალიან პრინციპული ხასიათი აქვს. ამიტომ, როცა რაიმე სახის გადაწყვეტილებას იღებს, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი აზრს შემდგომში არაფრის დიდებით აღარ შეიცვლის. მას საკმარისად კარგი ინტუიცია და ალღო გააჩნია, ამიტომ შეცდომებს ძალზე იშვიათად უშვებს ცხოვრებაში. ეს იმიტომ, რომ მისი ყველა ნაბიჯი წინასწარ გათვლილი და გაანგარიშებულია.

მთვარით კურო ბუნებით კოლექციონერია. იგი საიმოვნებით აგროვებს სხვადასხვა სახის ნივთებს, ხელოვნების ნიმუშებს ან აქსესუარებს. თუმცა ასეთივე მონდომებით აგროვებს ხოლმე იგი კარგ მეგობრებს ცხოვრებაში. მთვარის ასეთი მდებარეობით დაბადებული ადამიანი კარგი მუსიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევა. შესაძლოა თავად აქტიურად არ იყოს დაკავებული მუსიკით, მაგრამ როგორც შემფასებელს ბადალი არ მოეძებნება იმიტომ რომ უნიკალური სმენა გააჩნია და უმცირეს ხარვეზსაც კი ამჩნევს.

მთვარით კურო საკმაოდ ჯიუტი და ეგოისტია, როცა საქმე რაიმე სახის სიახლის მიღებას ეხება. იგი ვერ იტანს ვერანაირ ნოვაციას, თუ მისი სახით ცხოვრებაში ქაოსი შემოეჭრება. ამიტომ გადამეტებული სიფრთხილით ეკიდება რეფორმატორი ადამიანების ქმედებებს. გარდა ამისა, მას აქვს ერთი საკმაოდ დიდი ნაკლი –ა ეს უზომო სიამაყეა. მთვარით კურომ შესაძლოა ერთხელ აღებულ კურსს არაფრის დიდებით არ გადაუხვიოს, მხოლოდ და მხოლოდ სიამაყის გამო. იგი ოჯახური ფესვების და ტრადიციების მოყვარული პიროვნებაა. აქვს თანდაყოლილი პასუხისმგებლობის გრძნობა მშობლების მიმართ. თუმცა ასეთივე მზურნველია იგი საკუთარი მეორე ნახევრისა და შვილების მიმართ.
მამაკაცის ჰოროსკოპში მთვარის ამგავრი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ მას მოსწონს ქალები რომელთაც მისთვის სტიმულის მიცემა და წინსვლისკენ აქტიური წაქეზება შეუძლიათ.
ქალის ჰოროსკოპში ამ ადამიანში ჭეშმარიტი კულინარის, კარგი დიასახლისისა და მოსიყვარულე დედის მონაცემებს უსვამს ხაზს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა