სახლების სისტემა - მეშვიდე სახლი
ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნის გათვალისწინებით, ვიწყებთ სტატიების ციკლს ზოდიაქოს სახლების შესახებ. ასტროლოგიურად არსებობს თორმეტი სახლი, რომელიც სხვადასხვა ზოდიაქოს შეესაბამება. სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება თქვენს ნათალურ რუკაზე, განაპირობებს მისი გამოვლინების არეალს. ასე მაგალითად – ვენერა მორიელში, რომელიც თავისთავად უკვე ნიშნავს ტემპერამენტიან, ქარიზმატულ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ინდივიდს, საკუთარ სექსუალურ ტემპერამენტს გაცილებით უფრო დრამატულად გამოავლენს თუკი ზემოთ ხსენებული ვენერა მორიელის ზოდიაქოს გარდა მორიელისავე მერვე სახლში იქნება განთავსებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ემოციებს გამუდმებით მიეცემა ფატალური მოვლენების ხარჯზე განვითარების საშუალება. ხოლო იგივე ვენერას განლაგება მეათე სახლში მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი ასაკით უფროსი ან თანამდებობის პირებით იხიბლება (რისი ფესვებიც მისი ოჯახიდან, აღზრდის სპეციფიკიდან მოდის) და საკუთარ სექსუალურ შარმსაც ძირითადად ამ მიმართულებით იყენებს.
ასტროლოგიურად ზოდიაქოს თორმეტივე სახლს საკუთარი გამოვლინების სფეროები გააჩნია. ამიტომ თითოეული სახლის "არსენალში" როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. თუმცა როგორ ამუშავდება ესა თუ ის სახლი კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში ამაზე უკვე მთლიანი რუკის კომპლექსური ანალიზის შედეგად შეიძლება საუბარი. მაგრამ დასაწყისისთვის მოდით რიგითობის მიხედვით გავეცნოთ თითოეულ სახლს და მისი გავლენის სფეროებს.
მეშვიდე სახლი
სიგნიფიკატორი – სასწორი, ვენერა
ფერი – შავი
ამ სახლში თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს მთვარე.
სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება – თეძოები, ორგანოებიდან თირკმელი
მეშვიდე სახლის სფეროში შედის პარტნიორობის თემა ნებისმიერი კუთხით. კერძოდ: ქორწინება, საქმიანი პარტნიორობა, ღია დაპირისპირებაში მყოფი მტრები, სასამართლო დავით დაპირისპირებული ადამიანები, საყვარლები, მოწინააღმდეგეები ომის დროს, დუელის თემა, პოლემიკა, კამათი, სხვადასხვა სახის სამართლებრივი ვალდებულებები, ლტოლვილები, უკანონო ფორმირებები, ადამიანები, რომელნიც არალეგალურად ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში (თუმცაღა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ იძულებით გადაადგილებულთა სიგნიფიკატორი არის მთვარე, მეშვიდე სახლი კი უკვე სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დევნილობის სტატუსს კურირებს).
გამომდინარე იქედან, რომ სასწორს (მეშვიდე სახლის მმართველ ზოდიაქოს) სიყვარულის და ჰარმონიის პლანეტა ვენერა მართავს, მეშვიდე სახლი სამართლიანად მიიჩნევა ზოგადად ქორწინების სახლად. იგი განასახიერებს ბალანსს ორს შორის, ერთობლიობას და ამ ერთობლიობაში არსებულ კომპრომისის ხელოვნებას. სასწორის რომელიმე პინა ზედმეტად რომ გადაიტვირთოს იგი რყევას იწყებს. ასევეა ქორწინებაც. ამიტომ ორივე შემთხვევაში აუცილებელია ბალანსის დაცვა ჰარმონიისა და წონასწორობის შესანარჩუნებლად.
პლანეტა სატურნი, რომელიც ზოგადად სასწორის ზოდიაქოში ეგზალტირებს, მეშვიდე სახლში მოხვედრისას ართულებს ამ სახლის სფეროში მიმდინარე მოვლენებს. ამიტომ სატურნი, რომელიც მეშვიდე სახლში ხვდება ნატალური რუკის მიხედვით მიანიშნებს იმას, რომ ინდივიდს ქორწინების მიმართ მეტი პასუხისმგებლობის გამომუშავება და დაკვირვება მოეთხოვება. შესაბამისად, ადამიანებს ვისაც სატურნი მეშვიდე სახლში აქვს განლაგებული, ნაადრევ ასაკში ქორწინებისას ხშირად ელით მტკივნეული განქორწინება.
მართალია, მეშვიდე სახლი ქორწინების სახლია, თუმცა იგი ასევე წარმოადგენს ასცენდენტის ნიშნის ოპოზიციურ სახლს ანუ დესცენდენტს. ხოლო ნებისმიერი პლანეტა ან სახლი, რომელიც ასცენდენტთან დაძაბულ ასპექტაციაშია ყოველთვის მიანიშნებს იმას, რომ ადამიანს ელის კონკრეტული ცვლილებები გარეგნობასა და ჯანმრთელობაში.
მეშვიდე სახლის მიხედვით ზოგიერთი ასტროლოგი არკვევს იმას თუ ვინ არის კონკრეტულად თქვენი საუკეთესო მესაიდუმლე, სულიერი მეგობარი. თუკი მეშვიდე სახლის მმართველი მეოთხე სახლშია ეს იმას ნიშნავს, რომ ამგვარი ადამიანი შინაურებს შორის უნდა ეძებოთ, თუ სახლი მეექვსეა თანამშრომლებს შორის და ა.შ.
ზოგადად მეშვიდე სახლი განაპიროებებს პარტნიორულ ურთიერთობებს ერთი დონის ადამიანებს შორის. გარდა ამისა, იგი არის სიგნიფიკატორი ნებისმიერი მოვლენის საპირისპირო მხარის დასანახად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეშვიდე სახლი მედლის მეორე მხარეა, რომელიც ყოველთვის არსებობს და მას სათანადო ყურადღების მიქცევა ესაჭიროება.
წყარო: astrologi.ambebi.ge