თეგებით ძიება

მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში - მთვარე ვერძში

მათთვის ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიაში, კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად სახასიათო შტრიხებს მზისა (ცნობიერი) და მთვარის (ქვეცნობიერი) კონფიგურაციები აყალიბებს. ამიტომ, რაც უფრო ჰარმონიულია პიროვნების ნატალურ რუკაში მზე-მთვარის კომბინაცია (განლაგებულია ისინი ერთი და იგივე ან მონათესავე სტიქიაში), მით უფრო გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ინდივიდთან გვაქვს საქმე.

თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ მთვარის მდებარეობას ამა თუ იმ ნიშანში:
მთვარე ვერძის ზოდიაქოში
თუკი ნატალური რუკის მიხედვით, მთვარე ვერძის ზოდიაქოში გაქვთ, თქვენ ბუნებით ავანტიურისტი, აზარტის მოყვარული და საკმაოდ ფიცხი ადამიანი იქნებით. მთვარით ვერძი ადვილად იღებს ნებისმიერი სახის გამოწვევას და მზადაა ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. ეს ადამიანი ენთუზიასტი, იდეალისტი და გამოუსწორებელი ოპტიმისტია. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ დადებით თვისებებთან ერთად მას აქვს უდაოდ დიდი ნაკლი, რაზეც უნდა იმუშაოს – ეს მოუთმენლობა და სიფიცხეა. მთვარით ვერძი ადვილად იცვლის აზრს და განწყობას, მისი გაბრაზება ძალიან ადვილია, თუმცა მოკლე ხანში უკვალოდ ავიწყდება გაბრაზების მიზეზიცა და ადამიანიც ვინც მასში ეს მრისხანება გამოიწვია. იგი ძალზე ამბიციურია და სურვილს ყოველთვის მოწინავე პოზიცია დაიკავოს, არც არასოდეს მალავს. თუმცა, მარცხის შემთხვევაში აგრესიასაც დაუფარავად აფრქვევს, რის გამოც ხშირად აწუხებს შემდგომში ქრონიკული შაკიკი და თავის ტკივილები.

გარეგნული აგრესიის ნიღბის უკან, თქვენ საკუთარ მერყევ ხასიათს ოსტატურად მალავთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ზედმეტად ამაყი ხართ და ხშირად გრცხვენიათ სხვებს თხოვნით მიმართოთ, როცა მათი დახმარება რეალურად გესაჭიროებათ. თქვენი თავმოყვარეობა ილახება, როცა ვინმე სუსტსა და დაუცველს გხედავთ. ამიტომ მუდმივად ცდილობთ გარკვეული დისტანცია დაიტოვოთ ადამიანებთან ურთიერთობაში, ისევ და ისევ იმ მიზეზით, რომ არ გსურთ უნიღბოდ გიხილონ. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თქვენთვის დამახასიათებელი სიმამაცე და დამოუკიდებლობის სიყვარული, ხშირად ყოველგვარ ზღვარს შეიძლება გასცდეს და აბსურდულ ქმედებაში გადაიზარდოს.

დაინტერესების შემთხვევაში (საქმით ან პიროვნებით) მთვარით ვერძი საკმაოდ კეთილი, მეგობრული და ღიმილიანია. თუმცა თუ მას ზემოთ აღნიშნული საქმე ან პიროვნება მობეზრდა, იგი ცინიკური და გულგრილი ხდება. ამ ადამიანის ემოციებს პირველ რიგში მისი ეგო მართავს. თუმცა უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ადამიანები მთვარით ვერძში ორიგინალურები, ნოვატორები და აქტიურები არიან. მათ აქვთ კარგი ალღო რის ხარჯზეც შეუძლიათ სწრაფი რეაგირება ნებისმიერ მოვლენაზე. ასეთ ხალხს ეზიზღება ადამიანების სოციალური სტატუსის მიხედვით დაყოფა და არასოდეს აღიარებს ავტორიტეტებს. ასევე იშვიათად იღებს და უსმენს სხვის რჩევას, მიაჩნია რა, რომ თავად უკეთ იცის რა და როგორ აკეთოს.

მართალია ეს ხალხი ძალიან ენერგიულია ერთი შეხედვით, თუმცა მათ საკმაოდ სუსტი ნერვული სისტემა გააჩნიათ, რის გამოც მალე იღლებიან (უმეტესად ემოციურად). ამიტომ მათთვის აუცილებელია კვების, ძილისა და დასვენების სწორი გრაფიკის დაცვა. მთვარით ვერძს მოსწონს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, პირველი ნაბიჯის გადადგმა, გაუკვალავი გზით სიარული. ამიტომ ასეთი ადამიანები, როგორც წესი, კარგი ლიდერები, მეთაურები და უფროსები არიან. მათ უჭირთ დაქვემდებარებულის როლში ყოფნა. შესაბამისად, თუ ამგვარ მდგომარეობაში ყოფნა უწევთ კიდეც, ხშირად ვარდებიან კონფლიქტურ სიტუაციებში საკუთარი დაუმორჩილებელი ხასიათის გამო.

ქალის ჰოროსკოპში მთვარე ვერძის ზოდიაქოში, მიანიშნებს იმას, რომ იგი საკმაოდ ეჭვიანი ნატურაა და მოსწონს პარტნიორზე დომინირება. მამაკაცის შემთხვევაში კი, მთვარის ამგვარი განლაგება იმის ნიშანია, რომ ინდივიდს ძლიერი ხასიათის, დამოუკიდებელი და აქტიური ქალბატონები იზიდავს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა