თეგებით ძიება

სახლების სისტემა - მეცხრე სახლი

ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნის გათვალისწინებით, ვიწყებთ სტატიების ციკლს ზოდიაქოს სახლების შესახებ. ასტროლოგიურად არსებობს თორმეტი სახლი, რომელიც სხვადასხვა ზოდიაქოს შეესაბამება. სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება თქვენს ნათალურ რუკაზე, განაპირობებს მისი გამოვლინების არეალს. ასე მაგალითად – ვენერა მორიელში, რომელიც თავისთავად უკვე ნიშნავს ტემპერამენტიან, ქარიზმატულ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ინდივიდს, საკუთარ სექსუალურ ტემპერამენტს გაცილებით უფრო დრამატულად გამოავლენს თუკი ზემოთ ხსენებული ვენერა მორიელის ზოდიაქოს გარდა მორიელისავე მერვე სახლში იქნება განთავსებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ემოციებს გამუდმებით მიეცემა ფატალური მოვლენების ხარჯზე განვითარების საშუალება. ხოლო იგივე ვენერას განლაგება მეათე სახლში მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი ასაკით უფროსი ან თანამდებობის პირებით იხიბლება (რისი ფესვებიც მისი ოჯახიდან, აღზრდის სპეციფიკიდან მოდის) და საკუთარ სექსუალურ შარმსაც ძირითადად ამ მიმართულებით იყენებს.
ასტროლოგიურად ზოდიაქოს თორმეტივე სახლს საკუთარი გამოვლინების სფეროები გააჩნია. ამიტომ თითოეული სახლის "არსენალში" როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. თუმცა როგორ ამუშავდება ესა თუ ის სახლი კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში ამაზე უკვე მთლიანი რუკის კომპლექსური ანალიზის შედეგად შეიძლება საუბარი. მაგრამ დასაწყისისთვის მოდით რიგითობის მიხედვით გავეცნოთ თითოეულ სახლს და მისი გავლენის სფეროებს.



მეცხრე სახლი

მუტაბელური, მამაკაცური ენერგეტიკის მქონე, ცეცხლის სტიქიის სახლი.

სიგნიფიკატორი: მშვილდოსანი, იუპიტერი

ფერი: მწვანე და თეთრი

ამ სახლში თავს კარგად გრძნობს მზე – მიჩნეულია, რომ ეს არის მზის ღმერთის სახლი.

სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება: თეძოები, ღვიძლი, მენჯ-სახსროვანი სისტემა.

მეცხრე სახლი განაგებს: უცხოეთთან (ან უცხოელებთან) კავშირს, შორეულ მოგზაურობას, ხანგრძლივ მივლინებებს ან მოკლევადიან ემიგრაციას, პროფესიულ სტატუსს, გონებრივი დატვირთვის ალბათობას (სფეროს), ექსპანსიური აზროვნების ნიჭს, ფილოსოფიისკენ მიდრეკილებას, რელიგიურ ასპექტს და ზოგადად რწმენის საკითხებს, სულიერების დონეს და ფორმას. მასვე უკავშირდება ადვოკატთა საქმიანობა, იურისპუდენცია (ძირითადად საკანონმდებლო ბაზის შექმნის კუთხით). სიზმრები და ზოგადად მათი ანალიზი, სხვადასხვა სახის რელიგიური მოძღვრებები და მიმართულებები, მეცნიერება, განათლება (უმაღლესი). მეცხრე სახლი მიიჩნევა ასევე რუკაში მეუღლის ნათესავების აღმნიშვნელ სიგნიფიკატორად.

მეცხრე სახლის "ჩართვა" როგორც წესი, ხდება მაშინ როცა საქმე გვაქვს უმაღლესი განათლების მიღებასთან, რელიგიური მრწამსის ცვლასთან, ფილოსოფიური მიმდინარეობით გატაცებასთან. იგი განაპირობებს რაიმე სფეროთი ადამიანის სიღრმისეულ დაინტერესებას, შესაძლოა ფანატიზმამდე დასულ ცნობისმოყვარეობას ამ კუთხით. იგი არის სიგნიფიკატორი ტრანზიტული გაანგარიშებისას ჩვენგან დიდი მანძილით დაცილებულ ადამიანებთან ურთიერთობისა, ასევე კურირებს საერთაშორისო საფინანსო საქმიანობას ან ვაჭრობას.

მეცხრე სახლი განასახიერებს ასევე შემოქმედებით პოტენციალს ჩანასახის, იდეის დონეზე. იგი ხშირად ხდება ადამიანის მხრიდან ასტროლოგიით დაინტერესების მიზეზიც, თუმცაღა ამ შემთხვევაში მას ასტროლოგია როგორც კონკრეტული სწავლებათა სისტემა, მეცნიერება ისე აინტერესებს.
ტრანზიტული გათვლებისას, მეცხრე სახლის აქტიურობა საქმისთვის სერიოზული სახის მიცემას ნიშნავს. იგი ასევე მიანიშნებს ტრადიციების წინ წამოწევას, კონკრეტული რიტუალის ან დადგენილი პროცედურის გავლის აუცილებლობას ამა თუ იმ საქმის დასასრულებლად. მეცხრე სახლის სფეროს განეკუთვნება საქორწინო ცერემონიები, ანდერძის ან მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებული წვრილმანები, საქმიანობის ლეგალიზაცია, შვილად აყვანის პროცედურა, ნათლობის ცერემონიალი. მეცხრე სახლი "კურირებს" ასევე საგამომცემლო საქმეს, კონკრეტულად წიგნის გამოცემის ეტაპებს. მასვე განეკუთვნება წინასწარმეტყველების სფეროც. მეცხრე სახლი განაგებს ასევე კორპორატიული დაზღვევის თემას. ამ სახლის არეალში ხვდება ნებისმიერი საგანი რაც არის ჩვენგან შორს ან მაღლა. მათ შორისაა ავიაცია (თვითმფრინავები), კოსმოსური ხომალდები, კომეტები, მეტეორიტები და ა.შ. ამ სახლს შეესაბამება ასევე ის ხალხი, ვისაც უშუალო შეხება აქვს ფრენასთან – პილოტები, კოსმონავტები.

მეცხრე სახლი გვევლინება მესამე სახლში დაწყებული მოვლენების დამსრულებლად. ასე მაგალითად მესამე სახლის გავლენით დაწყებული, ერთი შეხედვით უწყინარი და არაფრის მომცემი თვითშემოქმედება შესაძლოა მეცხრე სახლის მეშვეობით სერიოზულ საგამომცემლო საქმედ ან მწერლობად იქცეს, ხოლო სკოლის უბრალო მასწავლებელი ლექტორი ან დოქტორი გახდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის ჰარმონიული ბმა ამ სახლებს და მათ მმართველებს შორის ამა თუ იმ ადამიანის რუკაზე.

გამომდინარე იქედან, რომ მეცხრე სახლი მეხუთე სახლიდან (შვილები) რიგით ასევე მეხუთე სახლია ხშირად მას განიხილავენ როგორც შვილიშვილების ან შვილთაშვილების სიგნიფიკატორს პირად კოსმოგრამაში.

ურანი მეცხრე სახლში მიანიშნებს იმას, რომ ადამიანს უცხოეთში ან უცხოელებთან კავშირში ელის მოულოდნელი თავგადასავლები. ხშირად ამგვარი ადამიანები ეზოთერიკასაც კარგად ითვისებენ.

სატურნი მეცხრე სახლში თუ მას დაზიანება არ აღენიშნება, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია უცხოეთთან კავშირის კუთხით, განსაკუთრებით ვაჭრობა-კომერციის თვალსაზრისით.

იუპიტერი მეცხრე სახლში ხშირად მეუღლის ქონებაზე მიანიშნებს.

მარსი მეცხრე სახლში უმეტესად ათეისტური შეხედულებების და ზოგადად, რელიგიურ საკითხებში რადიკალური შეხედულებების სიგნიფიკატორია. იგი ასევე აპრობლემებს ნებისმიერ საკითხს რაც იურიდიულ სფეროს და მივლინებებს ეხება.

ვენერა მეცხრე სახლში ხშირად სანათესაოს მიერ მოწონებულ პარტნიორს ნიშნავს, ან თავად პარტნიორი გახდება მომავალში ადამიანის უახლოესი გარემოცვის თვალში ავტორიტეტი.

მერკური მეცხრე სახლში სამეცნიერო საქმიანობისთვისაა შესაფერისი.

მზე მეცხრე სახლში საზოგადო პოპულარობას ნიშნავს, ხოლო მთვარე იგივე სახლში მიუთითებს იმ ფაქტზე რომ ნატივმა შესაძლოა ცხოვრების მანძილზე ძირეულად და ფუნდამენტალურად შეიცვალოს რწმენის პრინციპები. ასევე ეს კომბინაცია ხშირი და შორეული მოგზაურობის აღმნიშვნელია.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა