სახლების სისტემა - მეთერთმეტე სახლი
ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნის გათვალისწინებით, ვიწყებთ სტატიების ციკლს ზოდიაქოს სახლების შესახებ. ასტროლოგიურად არსებობს თორმეტი სახლი, რომელიც სხვადასხვა ზოდიაქოს შეესაბამება. სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება თქვენს ნათალურ რუკაზე, განაპირობებს მისი გამოვლინების არეალს. ასე მაგალითად – ვენერა მორიელში, რომელიც თავისთავად უკვე ნიშნავს ტემპერამენტიან, ქარიზმატულ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ინდივიდს, საკუთარ სექსუალურ ტემპერამენტს გაცილებით უფრო დრამატულად გამოავლენს თუკი ზემოთ ხსენებული ვენერა მორიელის ზოდიაქოს გარდა მორიელისავე მერვე სახლში იქნება განთავსებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ემოციებს გამუდმებით მიეცემა ფატალური მოვლენების ხარჯზე განვითარების საშუალება. ხოლო იგივე ვენერას განლაგება მეათე სახლში მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი ასაკით უფროსი ან თანამდებობის პირებით იხიბლება (რისი ფესვებიც მისი ოჯახიდან, აღზრდის სპეციფიკიდან მოდის) და საკუთარ სექსუალურ შარმსაც ძირითადად ამ მიმართულებით იყენებს.
ასტროლოგიურად ზოდიაქოს თორმეტივე სახლს საკუთარი გამოვლინების სფეროები გააჩნია. ამიტომ თითოეული სახლის "არსენალში" როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. თუმცა როგორ ამუშავდება ესა თუ ის სახლი კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში ამაზე უკვე მთლიანი რუკის კომპლექსური ანალიზის შედეგად შეიძლება საუბარი. მაგრამ დასაწყისისთვის მოდით რიგითობის მიხედვით გავეცნოთ თითოეულ სახლს და მისი გავლენის სფეროებს.
გამომდინარე იქედან, რომ ნებისმიერ თემატიკაზე შექმნილი სტატიების ციკლს, ყოველთვის ასტროლოგიური ქრონოლოგიით მივყვებით, ხშირად მომისმენია წუწუნი ზოდიაქოს ბოლო ნიშნის წარმომადგენლებისგან – "ვიჩაგრებით", " ჩვენი რიგი როდის მოვაო"... ამიტომ გადავწყვიტე, სახლების სისტემის შესახებ სტატიების ციკლი, სწორედ მათი გავლენის სფეროში მყოფი მეთორმეტე სახლის აღწერით დავიწყო.
მეთერთმეტე სახლი
მამაკაცური ენერგეტიკის მქონე, ჰაერის სტიქიის სახლი.
სიგნიფიკატორი – მერწყული.
ფერი ყვითელი ან ნარინჯისფერი.
ამ სახლში თავს კარგად გრძნობს: იუპიტერი, რომელიც ითხოვს სხვების მიმართ რწმენას, მეგობრულ დამოკიდებულებას, კონტაქტების გაფართოებას. იუპიტერის გაფართოების ფუნქცია შესანიშნავ კომბინაციას ქმნის მეთერთმეტე სახლის მთავარ ლაიტმოტივთან – მეგობრები, კავშირები და ა.შ.
ანატომიურად შეესაბამება – ფეხები, კერძოდ წვივების არე, ღრმა სისხლძარღვები, სისხლის ან ინფექციური დაავადებები. ჰიპერტონია, სისხლის მიმოქცევა. ნერვული სისტემის მოშლილობა.
მეთერთმეტე სახლი ეს არის მეგობრობის, სხვების მიმართ ნდობის, რწმენის, კონტაქტების სახლი. იგი მიანიშნებს ჩვენს ცხოვრებაში ურთიერთობის პერიპეტიებზე. ღალატი და ნდობა. დაწინაურება, სხვებისგან მიღებული რჩევები, ცხოვრებისეული გაკვეთილები. მეგობრების წრე, მათი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. ზოგადად კონტაქტების დამყარების უნარი და ფორმა. ურთიერთობების დაწყება-დასრულებისთვის აუცილებელი რესურსები. სტილი.
მეთერთმეტე სახლი არის რეფორმატორული ზონა. ამ სახლის არსენალში შედის პროფესიები – კომპიუტერული ტექნიკა, რეკლამა, კრეატივი. მოდა (ძირითადად ავანგარდი ან მაღალი მოდა), სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო სისტემა. მედიცინის განხრით სისხლძარღვთა ქირურგია, ანგიოლოგია. იშვიათ შემთხვევაში ვხვდებით დატვირთულ მეთერთმეტე სახლს (პროზერპინას კარგი ასპექტებით) პლასტიკური ქირურგების რუკაში. იგი დომინირებს ასევე ლექტორების ან ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე მწერლების რუკებში.
მეთერთმეტე სახლი ასტროლოგების ენაზე "კეთილისმყოფელ" სახლად ითვლება. იგი ძირითადად პოზიტივის მომტანია და მისი სიძლიერე კონკრეტული ინდივიდის რუკაში, ამ ადამიანის კოსმოპოლიტურ აზროვნებასა და მეგობრულობაზე მიუთითებს. პლანეტა, რომელიც ამ სახლში ხვდება იძენს მერწყულისთვის დამახასიათებელ ნოვატორულ და კრეატიულ თვისებებს. იგი ასევე მომართავს მას გუნდურობის, კოლეგიალობის პრინციპისკენ. ამიტომ როცა მთავარი პლანეტები მეთერთმეტე სახლშია განლაგებული, ადამიანში ძალზე მაღალია გუნდური მოთამაშის ინსტინქტი, კომუნიკაბელურობა და ჰუმანიზმი.
მეთერთმეტე სახლის სფეროა მეგობრები, კოლეგები, ოცნებები, სოციალური აქტივობა, შემთხვევითი კავშირები, სხვადასხვა სახის გაერთიანებები. საკლუბო ცხოვრება. ტრანზიტულ ასტროლოგიაში ეს სახლი პოტენციური კლიენტების და დამკვეთების სიგნიფიკატორად ითვლება. მეთერთმეტე სახლის არეალში შედის ასევე ნებისმიერი სახის საკონსულტაციო მომსახურება, სამართლებრივი სტრუქტურები, ადამიანთა უფლებების დაცვა, არასამთავობო ორგანიზაციები, ქალაქების თვითმმართველობა. სამართლებრივ სფეროში იგი ხშირად ნაფიც მსაჯულთა სიგნიფიკატორია.
მეთერთმეტე სახლი ჩვენი შორეული (თუმცა არა უტოპიური) გეგმებისა და იმედების სახლია. მისი მეშვეობით ვახერხებთ ჩვენ ყველაზე სანუკვარი ოცნებების რეალიზაციას. იგი გვეხმარება საჭირო კონტაქტების მოძიებაში რათა ჩვენი მიზანი რეალობად ვაქციოთ. მეთერთმეტე სახლი მიანიშნებს ასევე ადამიანის ცხოვრებაში მეორე ქორწინების ალბათობას, ხოლო პლანეტა, რომელიც ზემოთ ხსენებულ სახლს მართავს, პოტენციური მეუღლის ნიშან-თვისებებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge